27 აპრილი 2024,   01:43
ვრცლად
ზუგდიდში, ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს  

ზუგდიდში, აქციაზე, რომელსაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავდნენ, ერთი პირი დააკავეს, ის არასრულწლოვანია. მას პოლიცია გზის გადაკეტვის მცდელობას ედავება. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ბესიკ დგებუაძის ადვოკატი და ოჯახის ახლობელი სამხარეო პოლიციის შენობაში შეხვედრაზე შეიყვანეს.

მოლაპარაკება სამხარეო პოლიციის უფროსსა და ბესიკ დგებუაძის ადვოკატს შორის უშედეგოდ დასრულდა.  

არასრულწლოვანს დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო.  

აქციის მონაწილეებს მთავარი გზის გადაკეტვა სურდათ, თუმცა მათ სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. სწორედ ამ დროს დააკავეს ერთი პირი. რამდენიმე წუთის განმავლობაში, პარალიზებული იყო ზუგდიდის მთავარი მაგისტრალი.

„სამართლიანი ქვეყანა ეს ახლა? რა დააშავა? მივდიოდით ფეხით სვლით, რა უფლებით დაიჭირეს ეს ბიჭი? ეს არის უსამართლო ქვეყანა. ხალხი არაფერი არ ხართო თქვენ, ჩვენ ვართ რაც ვართო. ეს გამოდის. მართლა რომ თქვა ივანიშვილმა გაჩლუნგებული ხალხიო, აი ამათ მიგვიჩნევენ. ჩლუნგებად მივაჩნივართ და იჭერენ. ორი ახალგაზრდა ბიჭი, ცემით ხომ მოკლავენ ახლა იქ“ - ამბობს ბესიკ დგებუაძის ბიცოლა, სვეტლანა დგებუაძე.

აქციის მონაწილეები, ამ წუთებში, მსვლელობით მიემართებიან ზუგდიდის სამმართველოს შენობასთან, სადაც აქციაზე დაკავებული პირია გადაყვანილი. 

რაც შეეხება შეხვედრას, ის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნის ინიციატივით მოხდა. ოჯახი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან ისინი ითხოვენ, ბესიკ დგებუაძე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული, თუმცა დაკავებულის გათავისუფლებაზე ოჯახმა უარი მიიღო. 

„შევხვდით დეპარტამენტის დირექტორს, ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, გადავეცით პროტესტის მიზანი და გულისწყრომა ოჯახის. შესაბამისად, ამ საკითხებზე ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ, თვითონაც, რა თქმა უნდა, საქმის კურსში იყო. აღნიშნა მხოლოდ ის, რომ პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში და შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს. შემდეგი ეტაპი პროცესუალურად, დაცვის მხარეს რჩება ის, რომ 27 მაისს, წინასასამართლო სხდომაზე დავსვათ ეს საკითხი და მოვითხოვოთ დასაბუთებული შუამდგომლობით, რომ შეიცვალოს აღკვეთი ღონისძიება“ - განაცხადა ადვოკატმა, ბაჩუკი ყურაშვილმა. 

აქციის მონაწილეები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. დგებუაძის ოჯახის წევრები, გუშინ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დგებუაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს.

ცოტა ხნის წინ სამხარეო პოლიციის შენობის წინ ხმაური იყო. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები