07 მაისი 2024,   09:34
ვრცლად
ანა ბაგრატიონს დავითმა დაურეკა ტირილით და სთხოვა, რომ დავა შეეწყვიტა, ბოლოს შემოგვითვალა მუქარა - ადვოკატი

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეს ემუქრებოდა და მის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას სთხოვდა - ამის შესახებ ანა ბაგრატიონ გრუზინსკის-ადვოკატმა განაცხადა.

ლევან გორელაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც თბილსის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება და მისი საჩივრის განხილვაზე უარი თქვა, დავით ბაგრატიონმა ყოფილ მეუღლეს საქმის შეწყვეტა მოსთხოვა. ანა ბაგრატიონის ინტერესების დამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დავით ბაგრატიონმა ფულიც შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

გორელაშვილის მტკიცებით, უარის შემდეგ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეს დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ საქმის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე უარს არ იტყოდა, კომპრომატი გასაჯაროვდებოდა. სავარაუდოდ, საუბარია ვიდეოკომპრომატზე.

მუქარის მიუხედავად, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ის ითხოვს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლით სარგებლობა აიკრძალოს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინტერესების დამცველმა სარჩელი სააპელციო წესით უნდა გაასაჩივროს. 

„პირველი მისი მცდელობა იყო თავის შეცოდების სტრატეგია, ანას დაურეკა ტირილით და სთხოვა, რომ მას შეეწყვიტა ეს დავა, თუმცა დაინახა, რომ ამან არ იმუშავა, ანამ პროცესი განაგრძო. მისი შემდგომი მცდელობა თანხის შემოთავაზება იმისთვის, რომ არ მომხდარიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება და მომხდარიყო დავების დასრულება, მათ შორის შეწყვეტა იმ სისხლის სამართლებრივი პროცესის, რომელიც მიმდინარეობს საგამოძიებოში. მას შემდეგ, რაც ჩვენგან მიიღო პასუხი, რომ მისი პრობლემა ფულზე არ იყიდებოდა და თანხის გადახდით ამ პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებდა, დაინახა, რომ ვერც ამ მეთოდით გახდა ფონს, ბოლოს შემოგვითვალა მუქარა. მას აქვს ვითომ რაღაც მტკიცებულება ანას მიერ პატარა გიორგიზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც არის ტყუილი,“- განაცხადა ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა.

გორელაშვილის განცხადების მოსმენის შემდეგ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ინტერესების დამცველმა, ლევან ჩხაიძემ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინტერესების დამცველს და დავითის დანაბარები გააცნო. მან არ უარყო, რომ მხარეებს შორის შეხვედრებს ადგილი ჰქონდა და დავითი ყოფილ მეუღლესთან მორიგებას ცდილობდა. ის მუქარას კატეგორიულად უარყოფს.

ამავე თემაზე
დღის ამბები