10 მაისი 2024,   22:48
ვრცლად
დიდ ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა და გასაღების მიზნით ქვეყანაში შემოტანა - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის, ასევე ქვეყანაში შემოტანისთვის, შს სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, დაკავებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით ჩამოვიდა. ასევე, დადგინდა, რომ ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა და შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით, შემდგომი გასაღების მიზნით ორგანიზატორს უგზავნიდა.

დაკავებულის პირადი და სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ასევე თბილისში 10 სხვადასხვა ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული 122,96 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება,“-განაცხადეს შს სამინისტროში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 262 პირველი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღებას და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

დღის ამბები