06 მაისი 2024,   22:36
ვრცლად
"ვიდრე პარლამენტს არ წარედგინება საბჭოსგან კანდიდატურები, მანამდე ნაადრევია საუბარი, თუ ვის დაუჭერთ მხარს" - ირაკლი კობახიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციანი სიის გასაჯაროებას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ეხმაურება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები - თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლალი ფაფიაშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ზაზა თავაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გასაჯაროებულ სიაშია.

ირაკლი კობახიძემ თავი შეიკავა კონკრეტული კანდიდატის შეფასებისგან და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან დაკავშირებით პარლამენტში სიის გადაგზავნის შემდეგ ისაუბრებს.

„ვიდრე არ გაივლის ყველა ეტაპს ეს პროცედურა და ვიდრე არ წარედგინება საბჭოსგან კანდიდატურები, ვიდრე ჩვენ არ ჩავატარებთ გასაუბრებებს, მანამდე, ბუნებრივია, ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ ვის დაუჭერს პარლამენტი მხარს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შერჩეული მოსამართლეები რამდენიმე მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ, მათ შორის, კეთილსინდისიერებას.

„რაც შეეხება კონკრეტულ სახელებს და გვარებს, ეს იყო თვითონ შესაბამისი პირების გადასაწყვეტი, მიიღებდნენ თუ არა ისინი მონაწილეობას კონკურსში, დანარჩენი არის უკვე საბჭოს და პარლამენტის გადასაწყვეტი. მთავარია, რომ საბოლოოდ ჩვენ ავირჩიოთ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. ეს არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და მთავარი არის, რომ ჩვენ ყველა მოსამართლე ამ კრიტერიუმით შევარჩიოთ და ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს. ერთ-ერთი რეკომენდაციის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ პროცესი ყოფილიყო გახსნილი, ყველას მისცემოდა მონაწილეობის საშუალება და ზუსტად ეს უზრუნველყო საქართველოს პარლამენტმა მის მიერ მიღებული კანონით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები