06 მაისი 2024,   22:42
ვრცლად
"ხელისუფლება და კლანი გაიყოფენ ამ სიას" - ვახუშტი მენაბდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე

„ხელისუფლება და კლანი გაიყოფენ ამ სიას,“ - ეს განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, ვახუშტი მენაბდემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიის გაცნობის შემდეგ გააკეთა.

ვახუშტი მენაბდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გასაჯაროებულ სიას ეხმაურება, სადაც მოქმედი თანდემბობის პირების გვარებიც ფიქსირდება.

ვახუშტი მენაბდე ვარაუდობს, რომ ვაკანტურ ადგილებს ხელისუფლება კლანთან ერთად გადაინაწილებს.

„ხელისუფლება და კლანი გაიყოფენ ამ სიას, სავარაუდოდ. იმიტომაც იყო, რომ პირველ ჯერზე სასამართლომ თავისი 10 კაცი წარმოადგინა. ახლა 20-ზე არის გამოცხადებული ვაკანსია და შესაბამისად, კვოტირებით გაიყოფენ ამ თანამდებობას. სასამართლო სისტემაში ჩვენ გვაქვს მმართველობა, სადაც აბსოლუტურად არადემოკრატიულად, კლანური პრინციპით ხდება გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად, იქ ერთი პროცედურით მეტი იქნება თუ ერთი კრიტერიუმით ნაკლები, ამას დიდი აზრი არ აქვს,“ - განაცხადა მენაბდემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები - თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლალი ფაფიაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები