06 მაისი 2024,   18:28
ვრცლად
პირზე ხელი ამაფარა, თუ ვინმეს მოუყვები, შენს დედასაც და მამასაც მოვკლავო - გოგონა მამაკაცს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

არასრულწლოვანზე ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა კახეთში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მე-11 კლასელი მეზობელ მამაკაცს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 16 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა, ორსულობის შესახებ კი ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გოგონა სკოლაში შეუძლოდ გახდა და მშობიარობა დაეწყო.

გოგონამ "კურიერთან" გასული წლის შემოდგომაზე მომხდარი ფაქტი გაიხსენა. მისი თქმით, კლასელის მამამ მასზე იძალადა და გააფრთხილა, რომ თუკი ამის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, დედ-მამას დაუხოცავდა. მისი თქმით, მამაკაცის ცოლმა გაჩუმების სანაცვლოდ ოქრო შესთავა. 

„ჩემი კლასელი მოვიდა ჩემთან, მშობლები სახლში არ არიან და ჩემთან დარჩიო. ერთ ოთახში დავიძინეთ, ღამით მამა დაბრუნდა. შემოვიდა ოთახში, პირზე ხელი ამაფარა. გამაფრთხილა, თუ ვინმეს მოუყვები, შენს დედასაც მოვკლავ და მამასაცო და შენს დასაც იგივეს გავუკეთებო. დილით ახლში დავბრუნდი და არავისთვის არაფერი მითქვამს. რვა თვის შემდეგ სკოლაში ცუდად გავხდი და მერე გაიგო ოჯახმა, რომ ორსულად ვიყავი. ამის შემდეგ ამ კაცის ცოლი იყო მოსული ჩვენთან და გვითხრა, არ იჩივლოთ და ოქროს მოგცემთო,“ - განაცხადა გოგონამ.

მოზარდის ოჯახი მოძალადე მამაკაცის დასჯას ითხოვს. მათი თქმით, გოგონას ორსულობის შემდეგ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც სკოლიდან შეატყობინეს, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა. 

„სკოლიდან შეგვატყობინეს, თქვენი შვილი ცუდად არისო. საავადმყოფოში გადავიყვანეთ და ბავშვი გააჩინა. ამის შემდეგ გავიგეთ, რაც მოხდა. ვინ იყო, როდის მოხდა, მეზობელი აღმოჩნდა. ამ კაცთან ჩვეულებრივი მეზობლური ურთიერთობა და მისვლა-მოსვლა გვქონდა. იქამდე არაფერი ვიცოდით, სანამ ბავშვი არ გაჩნდა. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს, მისი დაჭერაა. ან მოვკლავ, სოფელში ვერ ვჩნდები, გარეთ ვერ გავდივარ სირცხვილის გამო,“ - განაცხადა გოგონას მამამ. 

თავად მამაკაცი კი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, როდესაც არასრულწლოვანი სკოლაში შეუძლოდ გახდა, გოგონას დედასთან და ბებოსთან ერთად ის საავადმყოფოში წავიდა. მამაკაცის განცხადებით, არასრულწლოვნის ოჯახის წევრებმა 10 ათასი ლარი მოსთხოვაეს, სანაცვლოდ კი დაპირდნენ, რომ საქმე დაიმალებოდა. 

"გოგო რომ სკოლაში ცუდად გახდა, მე მის დედასთან და ბებოსთან ერთად წავედი საავადმყოფოში, ასე გავიგე, რომ ასეთ რამეს მაბრალებდნენ. არ არსებობს. ასეთი რამ მომხდარიყო, ჩემს გვერდზე საწოლში ჩემს გოგოს ეძინა და ხმას მაინც ხომ გაიგებდნენ. მეორე დღეს გოგონას დედა და ბებია წავიყვანე მანქანით და მითხრეს, რომ 10 ათასი ლარი უნდა მიმეცა და საქმე მოგვარდებოდა, თუ დადგინდება, რომ ბავშვი ჩემია, ვუპატრონებ, ან დამიჭირონ თუ უნდა,“ - აცხადებს მამაკაცი.

დღის ამბები