08 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
მელიას დაკავებაზე კი არ გავცემთ თანხმობას, თანხმობას გავცემთ, რომ სასამართლოს მიმართოს პროკურატურამ - სოფო კილაძე

ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტაზე საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე უნდა იმსჯელონ. 

საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ უმრავლესობაში შეთანხმება უკვე არსებობს და მელიას დეპუტატის იმუნიტეტს შეუწყვეტენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი ამტიცებენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ და გადაწყვეტილებას მხოლოდ პროკურატურის წარმომადგენლის არგუმენტების მოსმენის შემდეგ მიიღებენ.

„აქ მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ, რომ ყველას უფლებები იყოს დაცული. დანარჩენი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩემი კოლეგები წინასწარ არ ვიცით, უნდა მოვუსმინოთ პროკურატურის წარმომადგენელს. რაც ვნახეთ კადრებში იმ ღამეს გარკვეული საფუძველი ნამდვილად იყო, მაგრამ დაგვჭირდება მეტი ინფორმაცია, დეტალები პროკურატურისგან გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენ დაკავებაზე კი არ გავცემთ თანხმობას, თანხმობას გავცემთ, რომ სასამართლოს მიმართოს პროკურატურამ,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყება პარლამენტისგან ნიკა მელიას მიმართ პატიმრობისთვის თანხმობას ითხოვს. ნიკა მელიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს - აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. ბრალდება 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები