06 მაისი 2024,   23:01
ვრცლად
მაკროეკონომიკური ფაქტორები არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ლარი უნდა იყოს ამ დონეზე გაუფასურებული - ფინანსთა მინისტრის მოადგილე 

ლარის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავშირებით განმარტებები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა. კაკაურიძე ეროვნული ვალუტის ვარდნას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისს უკავშირებს. მისი განცხადებით, ლარის სტაბილურობაზე გავლენა, სხვა ფაქტორებთან ერთად რუსულმა ტურისტულმა ემბარგომაც იქონია.

მიუხედავად ამისა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორები ლარის ასეთ მინიმუმამდე დაყვანის საფუძველს არ იძლევა.კაკაურიძე ვარაუდობს, რომ ლარის გაუფასურება დიდხანს არ გაგრძელდება.

„ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა შექმნა ის მოლოდინები, რომ ტურისტების ნაკლებობა იქნებოდა, თუ სხვა და სხვა ფაქტორები, რაც გამოიწვევდა ლარის გაუფასურებას, ეს მოლოდინები აისახა,  რა თქმა უნდა, სავალუტო კურსზე და დღეს მე ვფიქრობ, რომ არარეალურად მაღალია ლარის გაცვლითი კურსი. მაკროეკონომიკური ფაქტორები არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ლარი უნდა იყოს ამ დონეზე გაუფასურებული. თუმცა სამწუხაროდ, არის მოლოდინები, რომელმა მოლოდინებმაც შექმნა ის განცდა, რომ ლარი გაუფასურდებოდა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მცირე დროით იქნება ის გაუფასურება, რაც ახლა გვაქვს და შემდეგ უკვე რაც იქნება რეალური მაჩვენებელი მაკრო ეკონომიკაში, ანუ რამდენადაც მოხდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კორექტირება და აისახება ეს, რა თქმა უნდა,  სავალუტო კურსზე,“- განაცხადა კაკაურიძემ.

ლარის რეკორდული გაუფასურება - ეროვნული ვალუტა 4 თეთრით დაეცა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.8791 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0321 ლარი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ერთი ევრო 3.2758 ლარი ეღირება, რაც დღეს მოქმედ კურსთან შედარებით, 0.0402 თეთრით მეტია.

გაცილებით მაღალია კურსი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში. აქ 1 დოლარის ღირებულება 2.93 ლარს აღწევს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები