27 აპრილი 2024,   07:17
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს წევრების კითხვები მათ ფავორიტებთან არის კითხვები, რომელსაც იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე სვამენ - ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს უნდობლობას უცხადებენ. გუშინდელი გასაუბრება ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უკმაყოფილება გასაუბრების დრომ გამოიწვია. მათი თქმით, იუსტიციის საბჭოს პროცესის დასრულება ეჩქარება და ამიტომ გასაუბრების ეტაპებს ღამის საათებში ატარებს. 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებულ თავმჯდომარეს და ბატონ დიმიტრი გვრიტიშვილს, არ აინტერესებთ არავის აზრი, არ აინტერესებთ ჩვენი პოზიცია, რომ შვიდი საათის შემდეგ გასაუბრება არ უნდა იწყებოდეს. ცხადზე ცხადია, რომ ისინი ასრულებენ დაკვეთას, რომ სწრაფად, რაც შეიძლება დროის მოკლე მონაკვეთში შეარჩიონ კანდიდატურები,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებით, საბჭოს წევრები მათ ფავორიტ კანდიდატებს მარტივ კითხვებს უსვამენ.

„კითხვებს, რომელსაც სვამენ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები მათ ფავორიტებთან, ეს არის კითხვები, რომელსაც იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე სვამენ, დამამთავრებელ გამოცდებზე. ასეთი კითხვები იუსტიციის საბჭოში, უბრალოდ სამარცხვინოა, მაგრამ ისმება იმიტომ, რომ ეს კითხვები იძლევა გარანტიას, რომ ფავორიტი კონკურსანტი რაიმე შეცდომას გასაუბრების დროს არ დაუშვებს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

გუშინდელი გასაუბრების შემდეგ კი დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ახლა უკვე უზენაესი სასამართლოს უვადოდ მოსამართლეობა სურს. ზაზა თავაძე ერთ-ერთი ბოლო იყო, ვისთანაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გუშინ გასაუბრება შედგა.

თავაძე ამბობს, რომ მას საქმიანობის გაგრძელება სურს, რადგან მომავალ წელს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობის ვადა ეწურება.

„ჩემი სურვილი გამოიწვია იმან, რომ მქონდა და მაქვს ის გამოცდილება სასამართლო ხელისუფლებაში ჩემი 9-წლიანი გამოცდილება. ასევე, მე გახლდით აღმასრულებელ ხელისუფლებაში 10 წლის განმავლობაში, როდესაც მე ვიყავი წარმომადგენელი საერთო სასამართლოებში სამ წელზე მეტი ვადით. შესაბამისად, ეს ყველაფერი და ისიც, რომ ჩემმა იურისტმა კოლეგებმა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოელმა კოლეგებმა, მათაც გარკვეული როლი ითამაშეს იმაში, რომ მე ეს გადაწყვეტილება მიმეღო,“ - განაცხადა ზაზა თავაძემ.

კანდიდატების შერჩევის ბოლო ეტაპი - გასაუბრება დღესაც გაგრძელდება საბჭოში, სადაც ლევან თევზაძეს, ილონა თოდუასა და უჩა თოდუას მოუსმენენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები