02 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
ივანიშვილი და რუსეთი საქართველოს ცივილიზებულ სამყაროსთან დამოუკიდებელი კავშირის წინააღმდეგია - ხაზარაძის მხარდამჭერები პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

ეს არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლის მცდელობა - ასე აფასებენ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას ის პირები, რომლებიც დღეს გენერალურ პროკურატურასთან მივიდნენ. 

ხაზარაძესა და ჯაფარიძისთვის ბრალის დადგენილების გაცნობას მათი მხარდამჭერები და თანამშრომლები შენობასთან ელოდნენ. ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ მათ ბოლო თვეებში მნიშვნელოვანი სამუშაო გაწიეს პროექტის პირველი ეტაპის განსახორციელებლად, ხაზარაძის და ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული პროცესი კი ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას ისევ შეაფერხებს.

„ეს აზიანებს სერიოზულად ჩვენს პროექტს, ჩვენი ინვესტორების ნდობას, აზიანებს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოსაც. რთულ მდგომაროებაში აგდებს ანაკლიას ასეთი ნაბიჯები. გუშინ ავარჩიეთ გენერალური კონტრაქტორი, ამ პროცესებში ძალიან დიდი ხელისშეშლაა ეს მთავრობისგან.

იყო ბრალდება, რომ პროგრესი არ არის, ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს  ამ ორი-სამი თვის მანძილზე,“ - აცხადებს ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.

მამუკა ხაზარაძის ნათესავი, კახა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ არის მამუკა ხაზარაძის პროექტი, ეს ქვეყნის პროექტია. მისი თქმით, ხელისუფლება სიტყვიერად მზაობას გამოთქვამს, გაწიოს მხარდაჭერა პორტის მშენებლობაში, თუმცა რეალურად პროექტის განხორციელების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. 

„სხვა მასშტაბია და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მზაობას გამოთქვამს ყველაფერს აკეთებს პირიქით, რომ ეს პროექტი არ შედგეს. ინვესტორებზე როცა ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ოთხ დონორ ბანკზე, რომელიც ინვესტიციების 80% ამ დონორი ბანკებიდან მოდის.  ძალიან რთულია, ხვალ როგორ უნდა დაარწმუნო ეს ბანკები, რომ ამ პროექტში ინვესტიცია ჩადონ. დღეს მათ განცხადების შემდეგ TBC ბანკის აქციები 7% დაეცა, ეს რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის კარგი არ არის, ძალიან მარტივია,“ - ამბობს კახა ხაზარაძე.

პროკურატურასთან იმყოფებოდა პოეტი რატი ამაღლობელი, რომელიც ამბობს, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან ერთად ანაკლიის პროექტის მშენებლობის ჩაშლის მცდელობა აქვს.

"ვუყურებთ პროცესს, რომელიც არის დაკავშირებული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავლის განადგურებასთან. ეს უკავშირდება პირდაპირ ჩვენს სტრატეგიულ და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, ანაკლიის პორტის მშენებლობას, საქართველოს პირდაპირ დამოუკიდებელ კავშირს ცივილიზებულ სამყაროსთან. ამ კავშირის წინააღმდეგია იცით ვინც, ორი სატელიტი მეგობარი ეს არის ივანიშვილი და ეს არის რუსეთი," - ამბობს რატი ამაღლობელი.  

დღის ამბები