07 მაისი 2024,   09:33
ვრცლად
ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას აღვიქვამთ აშკარა პოლიტიკურ დევნად - "რუსთავი 2-ის" ყოფილი მფლობელები

„ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას აღვიქვამთ აშკარა პოლიტიკურ დევნად, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან და სამართლიანობასთან“, - ამ განცხადებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელები ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2-ს“ წარმატება ნიკა გვარამიასთან იყო დაკავშირებული. სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი მფლობელები აღნიშნავენ, რომ სერიოზული ფინანსური დანაკარგი ყადაღის დადებამ და ივანიშვილის აგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია, თუმცა, ნიკა გვარამიამ სრულფასოვანი მაუწყებლობისთვის შესაბამისი პირობების შექმნა მოახერხა.

„ჩვენ როგორც ტელეკომპანია „რუსთავის 2-ს“ წილების უმრავლესობის მესაკუთრეები ვაცხადებთ,  რომ წლების განმავლობაში „რუსთავი 2-ს“ წარმატება ნიკა გვარამიასთან იყო დაკავშირებული.

ნიკა გვარამიას  საქმიანობის შედეგად გაიზარდა კომპანიის შესაძლებლობები, მრავალფეროვანი გახდა სამაუწყებლო ბადე. „რუსთავი 2“ იქცა მასშტაბურ მაუწყებლად, სადაც ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

ერთადერთი, რამაც ზიანი მიაყენა კომპანიას, ეს არის ივანიშვილის აგრესიული პოლიტიკა და რეჟიმის მიერ  მართული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებები, მათ შორის ყადაღა და თანმდევი შეზღუდვები. ამან სერიოზული ფინანსური დანაკარგი გამოიწვია. ამის შედეგად ტელეკომპანიის  არაორდინალურ პირობებში უწევდა საქმიანობა. ამ ვითარებაშიც ნიკა გვარამიამ სრულფასოვანი მაუწყებლობისთვის შესაბამისი პირობების შექმნა მოახერხა.

ტელეკომპანია „რუსთავის 2“ წლების განმავლობაში იყო თავისუფალი სიტყვის და კრიტიკული აზრის სიმბოლო საქართველოში. სწორედ ამიტომ, ივანიშვილს და მის გარემოცვას ჩვენი კომპანიის და გენერალური დირექტორის მიმართ მიუღებლობა არასოდეს დაუმალავს.

აქედან გამომდინარე, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას აღვიქვამთ აშკარა პოლიტიკურ დევნად, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან და სამართლიანობასთან“, - ნათქვამია ყოფილი მფლობელების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები