16 ნოემბერი 2019,   05:06
ვრცლად
ბრძოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიისთვის გრძელდება

ბრძოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიისთვის გრძელდება – გასულ კვირას დეპუტატებმა 6 კანდიდატს მოუსმინეს. ყველაზე ხმაურიანი მთავარ პროკურორთან კითხვა-პასუხი იყო.

კანდიდატების კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება მესამე სექტორის წარმომადგენლებს კითხვებს უჩენს. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს არ სჯერათ, რომ შალვა თადუმაძე ხელისუფლების გავლენებისგან დისტანცირებას შეძლებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე პარლამენტში გასაუბრების ყველა პროცესს ესწრება. მესამე სექტორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა მოსამართლეები სრულად არ უნდა დააკომპლექტოს.

მურუსიძე–ჩინძალაძის გავლენები, დაბალი კომპეტენცია და კვალიფიკაცია – მოსამართლეების სიას ანა დოლიძე ამ მიზეზის გამო იწუნებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შეფასებით, უხერხულია ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება იმ ადამიანს სურდეს, ვისმა განათლებამაც საზოგადოებაში კითხვები გააჩინა.

პარლამენტში მიმდინარე პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში. კარლ ჰარცელი ამბობს, რომ დეპუტატებმა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ და პროფესიონალი მოსამართლეების არჩევაზე პასუხისმგებლობა აიღონ.

უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პირველი ნაწილი უკვე დაასრულა. მომდევნო დღეებში დეპუტატების კითხვებს სიის კიდევ 10 წევრი უპასუხებს.

დღის ამბები