26 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
"სალომე ზურაბიშვილისთვის ეს იქნება მორიგი ტესტი" - ანა დოლიძე მისი იმპიჩმენტის მოთხოვნას პოლიტიკურ დევნად აფასებს

ანა დოლიძე მისი იმპიჩმენტის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნას უკანონობად აფასებს. მას იმედი აქვს, პრეზიდენტი მოსამართლეების წინადადებას არ გაიზიარებს.

"იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოწოდება არის საბჭოს მცდელობა, რომ დაადუმოს კრიტიკული ხმა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არის ზოგადი ტენდენცია შექმნილი თავისუფალი ადამიანების და თავისუფალი აზრის წინააღმდეგ, სალომე ზურაბიშვილისთვის ეს იქნება მორიგი ტესტი, ის დგას სახელმწიფოს მიტაცების მხარეს თუ თავისუფალი და კრიტიკული ხმის მხარეს, იმედი მაქვს სალომე ზურაბიშვილი არ დაუმატებს თავის თავს კიდევ ერთ ტიტულს, რომ ის ხელს უწყობს ქვეყანაში თავისუფალი აზრის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის განხორციელებას"- განაცხადა ანა დოლიძემ

ანა დოლიძის წინააღმდეგ იუსტიციის საბჭოს წევრების ქმედებას, კრიტიკული აზრის დადუმების მცდელობად აფასებს ოპოზიცია, თუმცა არაერთგვაროვანია შეფასებები დოლიძის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით. 

"ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანა დოლიძე დისკომფორტს უქმნის და მისი იმპიჩმენტის მოთხოვნა პოლიტიკური დაკვეთაა.

"ნაცვლად იმისა, აღიაროს ამ ხელისუფლებამ, რომ სრული კრახი აქვს სასამართლო სისტემაში. ისინი შურს იძიებენ იმ ადამიანზე, რომელიც კლანს ებრძოდა,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, სამართლიანობისთვის ბრძოლა ორმაგი სტანდარტით არ უნდა ხდებოდეს:

"თუ სამართლიანობას ორმაგი სტანდარტით მივუდგებით, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც თავისუფალი სასამართლოსთვის იბრძვიან, მაშინ საარჩევნო პლატფორმაზე საუბარი, რომ მისი ამოცანაა უმრავლესობაში მოვიდეს, შეუთავსებელია. მე დავუჯერებ მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელ ადამიანებს, როდესაც ეს ადამიანები არ იქნებიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, მაგრამ იბრძოლებენ სამართლიანობისთვის,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დისტანცირებულ პოზიციაში ყოფნას ამჯობინებს იუსტიციის მინისტრი. წულუკიანის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საბჭოს თითოეული წევრი შეძლებს, რომ არ იყვნენ სტიგმატიზაციის ხელშემწყობები და ერთად იმუშაონ იმ გამოწვევებზე რომელიც სასამართლო სისტემაშია:

"თავს შევიკავებ რაიმე პოზიციის გამოხატვისგან არა იმიტომ რომ აზრი არ გამაჩნია ამ საკითხზე, რადგან ეს არ არის იუსტიციის სამინისტროს ან მთავრობის კომპეტენცია, შეაფასოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ვინ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოში ან საბჭოს წევრები ერთმანეთთან რა ტიპის ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდნენ, ეს მათი საქმეა. იმედი მაქვს თითოეული მათგანი შეძლებს იმას, რომ სტიგმატიზაციის ხელშემწყობი კი არ იყოს სასამართლო ხელისუფლებაში, არამედ იყოს კოლეგიალურ ურთიერთობაში, იმისთვის რომ ერთად იმუშაონ იმ გამოწვევებზე რაც სასამართლო სისტემაში ჯერ კიდევ არსებობს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები