06 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
შეწყალების კომისია პრეზიდენტს შეცდომების დაშვებისგან დაიცავდა - არასამთავრობო ორგანიზაციები

სალომე ზურაბიშვილმა ბრძანებულება გამოსცა და შეწყალების ახალი კრიტერიუმები გამოაქვეყნა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი შეწყალების საქმეების შესწავლას იწყებს.

შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, შეწყალების აქტის გამოცემისას დანაშაულის სიმძიმესთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოებრივი რისკებიც. შემცირდება შეწყალების აქტების რაოდენობაც.

ახალ წესში აღარსად არის ნახსენები შეწყალების კომისია - მსჯავრდებულების საქმეებს განსახილველად ისევ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახური მოამზადებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ კომისია პრეზიდენტს შეცდომების დაშვებისგან დაიცავდა. მათი თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლება აქვს, პატიმრები ახლად შემუშავებული წესების გვერდის ავლითაც შეიწყალოს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწესებული ახალი კრიტერიუმების მიმართ ოპოზიციის პროგნოზი სკეპტიკურია. ხოლო მმართველ გუნდში მათივე მხარდაჭერილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ყველა ის ძირითადი რეკომენდაცია გაითვალისწინა, რომლებიც პარლამენტმა შესთავაზა.

პრეზიდენტმა საკუთარი დისკრეციული უფლება მას შემდეგ შეიზღუდა, რაც მარიამობის დღესასწაულზე შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის ძებნილი და მკვლელობის გამო გასამართლებული პატიმრები შეიწყალა.

პრეზიდენტის ხმაურიან შეწყალებებს საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა, მას შემდეგ მორატორიუმი გამოცხადდა და ორი თვის განმავლობაში პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზე შეწყალების ათასობით საქმე დაგროვდა. პატიმრები ახლა პრეზიდენტის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

დღის ამბები