09 მაისი 2024,   22:35
ვრცლად
გაწითლებული ცა და კვამლში გახვეული ქალაქები - ავსტრალიაში ხანძარს ვეღარ აკონტროლებენ

გაწითლებული ცა და კვამლში გახვეული ქალაქები. ავსტრალიაში ხანძარს ვეღარ აკონტროლებენ. ხალხი ოკეანისკენ გარბის და თავს წყალს აფარებს, მათი უმეტესობა ტურისტია. მელბურნსა და სიდნეის შორის სანაპიროზე დასასვენებელ ადგილებს ცეცხლი უახლოვდება. ხანძარმა ავსტრალიის სანაპირო ქალაქ მალაკუტასაც მიაღწია, სადაც სტიქიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. მაშველები 4 დაკარგულს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

"ვშიშობთ რომ 3 ადამიანი დაღუპულია, ხანძარი უკონტროლოა. სტიქიის ზონაში დამატებითი ძალებია მობილიზებული. უდიდესი გამოწვევის წინაშე ვართ, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია," - აცხადებს ახალი სამხრეთ უელსის სახანძრო სამსახურის კომისარი - შეინ ფითზიმონსი

ქვეყნის საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო ხალხის ევაკუაცია უკვე დაგვიანებულია. მაშველები მიიჩნევენ, რომ გადაადგილება სახიფათოა, რადგან ადამიანები შესაძლოა ცეცხლის ალყაში მოხვდნენ.

"მოვლენებს წინასწარ ვერ გავთვლით. ადამიანებმა გარეთ გასვლისგან თავი უნდა შეიკავონ. რისკი დიდია. კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე მოვუწოდებ ყველას გზებზე მანქანებით არ იმოძრაონ"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი სტეისი პირსონი.

დაიკეტა ვიქტორიას შტატის მთავარი მაგისტრალი. ამ დროისთვის ცეცხლი 120-ზე მეტ კერას უკიდია. ხანძარმა უვე მილიონობით ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. დაინგრა ათასობით სახლი და შენობა.

"ხანძრის გამო საცხოვრებლის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე, ასე უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით. ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება, მაშველები ხანძარს ებრძვიან, მაგრამ ვერ აქრობენ, იმედი მაქვს ჩვენც უსაფრთხო ადგილზე გაგვიყვანენ", - აღნიშნავს ადგილობრივი მალ ლისი.

ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი ხელს უშლის. ავსტრალიაში ხანძრებს უკვე 2 თვეზე მეტია ებრძვიან. გარემოს დამცველები მასშტაბურ სტიქიას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

დღის ამბები