07 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
"36 სანტიმეტრი იყო რაღაცა და იმაზე ქონდათ კამათი" - "კურიერმა" ისანში მომხდარი მკვლელობის დამატებითი დეტალები გაარკვია

ისანში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი, "კურიერი" მოკლული მამაკაცის და მკვლელობაში ბრალდებულის მეზობლებს ესაუბრა. მეზობლების თქმით, კონფლიქტი დაახლოებით ერთი წლის წინ ყოფით ნიადაგზე დაიწყო. კონკრეტულად კი, ადგილზე სადაც პაკისტანის მოქალაქემ სახლი ააშენა, ძველი სახლი იდგა, რომელიც დაანგრიეს.

ამ სახლის კედელი წარმოადგენდა მკვლელობაში ბრალდებულის ავტოფარეხის კედელსაც და სწორედ ამასთან დაკავშირებით დაიწყო დაპირისპირება. მეზობლების თქმით, დაპირისპირებას ისეთი ინტენსიური სახე ჰქონდა, რომ ადგილზე არაერთხელ გახდა საჭირო საპატრულო პოლიციის გამოძახება, მიმდინარეობდა სასამართლო განხილვებიც.

მეზობლების განცხადებით, ერთ-ერთი სასამართლო გუშინ გაიმართა, რომელზეც პაკისტანის მოქალაქე მალიკ მალუდინი არ მივიდა.

"36 სანტიმეტრი იყო რაღაცა და იმაზე ქონდათ კამათი. იმას სახლი რომ ჰქონდა აშენებული, ის ხომ დაინგრა ის სახლი, კედელი ხომ დარჩა იქითა მხარე და იმ კედელზე გარაჟი ჰქონდა მოდგმული..."

"ეგ გარაჟი იყო წინაპრების დანატოვარი და იმაზე ქონდა დავა, კედლის აშენება, რაღაცები და არ უშენებდნენ ესენი, პაკისტანელები," 

"დაანგრიეს ამათ იმათი 100 წლის გარაჟი, ეგ იყო მეტი არაფერი, ერთი წელია ეს დავა იყო,"- აცხადებენ მეზობლები.

გრიგოლ მეჯლუმიანს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები