26 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
შერჩევითი მართლმსაჯულება და სახელმწიფო უწყებების მიმართ ნდობის დაწევის საფრთხე - არასამთავრობოები ირაკლი შოთაძეზე

ყოფილი გენერალური პროკურორის და მთავარი პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის თანამდებობაზე მეორედ დანიშვნის შემთხვევაში არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი სახელმწიფო უწყებების მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო დაწევის საფრთხეზე საუბრობს. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, გურამ იმნაძის თქმით, ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად დანიშვნა უწყების პოლიტიზირებას შეუწყობს ხელს. 

"ამ ადამიანის მიმართ დიდი კრიტიკა არსებობს, როგორც კონკრეტულ საქმეებთან, ისე, მისი მმართველობის დროს, ზოგადად, პროკურატურის საქმეებთან დაკავშირებით. ამიტომ, მისი დაბრუნება, ცხადია, არ შეუწყობს ხელს უწყების გაჯანსაღებას და, რეალურად, დეპოლიტიზირებული პროკურატურის შექმნას. პრინციპში, ის დაბალი ნდობა, რომელიც საზოგადოებას აქვს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, კიდევ უფრო მეტი რისკის ქვეშ დგება ირაკლი შოთაძის დაბრუნებით. ჩვენ გვახსოვს არაერთი გამოუძიებელი საქმე, პროკურატურის მიერ, როდესაც ის იყო ამ უწყების ხელმღვანელი,"- განაცხადა გურამ იმნაძემ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" გამგეობის წევრის, ეკატერინე ციმაკურიძის განცხადებით, ირაკლი შოთაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნით მართლმსაჯულების მთავარი პრობლემა - შერჩევითი სამართალი ისევ პრობლემად დარჩება. 

"გენერალური პროკურატურა დარჩება ისევ პოლიტიზირებული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში მთავარი პრობლემა, როგორც აქამდე იყო, მომავალშიც იქნება შერჩევითი მართლმსაჯულება და შოთაძის დანიშვნით, პრინციპში, პრობლემა შეექმნება როგორც სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას ზოგადად, ისე საქართველოს საარჩევნო კონტექსტში, ამ მიმართულებით, ექნება სერიოზული ხარვეზები,"- განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.

 

დღის ამბები