06 მაისი 2024,   23:58
ვრცლად
თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს იმისთვის, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს ეს ვერ იქნება მიღწეული - ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს იმისათვის, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს  და მიზანზე უარი ათქმევინოს, ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული.

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო მასშტაბზე ახალი ნაბიჯების და პოზიციების წარმოჩენა სჭირდება.

"თუ მისი მიზანია, საქართველოსთან და მთელ რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს, ეს ყველას ინტერესშია. მაგრამ ახალი ურთიერთობა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი არჩევანის პატივისცემას. მოითხოვს დეესკალაციას. მოითხოვს დეოკუპაციას.

ჩვენ კი, ალბათ, გვჭირდება ახალი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენი პოზიციების წარმოჩენა ჩვენს პარტნიორებთანაც და რუსეთთანაც. და ეს ხაზგასმით უნდა ითქვას და გავიგოთ: ეს ნაბიჯები არც დათმობას ნიშნავს, არც შეგუებას და, მით უმეტეს - გარიგებას. 

ნებისმიერი საკითხი, რომელიც ძალადობრივი გზით ვერ და არ გადაწყდება, მოითხოვს გონიერებას, გამბედაობასა და წითელი ხაზის გავლებით წინსვლას, და, რაც მთავარია, საზოგადოების ერთსულოვნებას.

როცა ვიცით, რომ  მავთულხლართების ყოველი გადმოწევა და ყოველი პროვოკაცია საოკუპაციო ხაზზე მიზნად ისახავს ჩვენს გამოწვევას,  არ შეიძლება, ოკუპაციის საკითხი გამოყენებული იყოს ვიწრო,  შიდა პოლიტიკურ არენაზე. არ შეიძლება, ერთმანეთს ბრალს ვდებდეთ არასათანადო რეაგირებაში. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელიც ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივ ერთიანდება," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

დღის ამბები