02 მაისი 2024,   09:14
ვრცლად
ხვალიდან საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდება, სპეცრეისით შემოსული ყველა მოქალაქე კი საკარანტინო ზონაში გადავა - ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოებას საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებული მორიგი გადაწყვეტილებები გააცნო. ჩიქოვანის თქმით, ხვალიდან საჰაერო მიმოსვლა სრულად წყდება. მისი თქმით, შესრულდება მხოლოდ ის სპეცრეისები, რომელიც წარმოებულია საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან კოორდინაციის გზით.

"როგორც ცნობილია, დღეისთვის საქართველოში გვაქვს 43 დადასტურებული შემთხვევა ინფიცირებული ადამიანებისა. აქედან ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი ადამიანი იმყოფება საყურადღებოდ, ანუ მძიმე მდგომაროებაში, რაც გამოწვეულია მათი ასაკიდან და ასევე ქრონიკული დაავადებებიდან. დანარჩენ შემთხვევებში, ჩვენ გვაქვს სტაბილური ვითარება და ექიმები მუშაობენ შესაბამისი პროტოკოლების მიხედვით.

მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება მიმოსვლა და  განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკოორდინირებული საქართველოს მთავრობასთან. გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა იმ გადაწყვეტილებას და გაცნობოთ, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, ისინი გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. ამ რეალობიდან გამომდინარე, იქნა მიღებულ გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეს, ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან სიახლოვეს მოეწყოს დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს, უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.   

დღის ამბები