02 მაისი 2024,   12:06
ვრცლად
მსოფლიოს ჩინეთის ქმედებებისთვის დიდი საფასურის გადახდა უწევს - დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს კორონავირუსის შესახებ ზუსტი ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებით, ჩინეთის ქმედებების გამო მთელი მსოფლიო იტანჯება და უზარმაზარი საფასურის გადახდა უწევს.

ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15 ათასს აღწევს, დაავადებამ უკვე იმსხვერპლა 4 ათასამდე პაციენტი. ქვეყნის ყველა შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

"მისი შეჩერება შესაძლებელი იყო. საკმაოდ ადვილად შევძლებდით მის შეჩერებას, რომ გვცოდნოდა მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ინფორმაცია გაჟღერდა. სამწუხაროდ, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაესაჯაროებინათ და ამიტომ ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება. მსოფლიოს ჩინეთის ქმედებებისთვის დიდი საფასურის გადახდა უწევს," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ასევე ჩინეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დეზინფორმაციის გამო მათ მთელი მსოფლიო საფრთხის წინაშე დააყენეს.

"ჩინეთის მთავრობამ იცოდა ამ რისკის შესახებ, მათ ეს პირველებმა შეიტყვეს და უძვირფასესი დღეები დაგვაკარგვინეს. ათასობით ადამიანს მისცეს უფლება, რომ უხანი დაეტოვებინათ და ისეთ ადგილებში წასულიყვნენ მაგალითად, როგორიც იტალიაა, ამიტომაც იტანჯებიან ისინი ასე საშინლად. ჩინეთმა დეზინფორმაციის გამო უამრავი ადამიანის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენა,"- განაცხადა მაიკ პომპეომ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საუდის არაბეთში მექა და მედინა დაიხურა. დღეიდან მომლოცველები სალოცავებში შესვლას ვეღარ შეძლებენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პერიოდით იქნება დახურული სამლოცველოები. ბოლო მონაცემებით, საუდის არაბეთში კორონავირუსით 274 ადამიანია ინფიცირებული. 

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულა აზიზი აცხადებს, რომ ამ რთული ვითარების დროს საჭიროა თავდაუზოგავი შრომა და მუშაობა.

"ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე რთულ პერიოდში, თუმცა გვჯერა, რომ ამ გამოწვევას გადავლახავთ. ვაგრძელებთ თავდაუზოგავ მუშაობას. ვფიქრობ, რომ ამ რთულ ვითარებას მხოლოდ სოლიდარობითა და ურთიერთთანამშრომლობით გადავლახავთ, ერთმანეთს კი მხოლოდ ოპტიმიზმით და მხარდაჭერით გავაძლიერებთ,"- განაცხადა სალმან ბინ აბდულამ.

იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მონაცემებმა პროცენტული მაჩვენებლით ჩინეთს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 427 ადამიანი და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 ათას 405 შეადგინა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 41 ათასს აჭარბებს. მათ შორის 2 000 მედპერსონალია.

ჩინელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიღებული ზომები "კოვიდ 19"-თან გასამკლავებლად საკმარისი არ არის. ჩინელი ექიმების გარდა იტალიას ვირუსთან ბრძოლაში ახლო მომავალში კუბელი ექიმებიც დაეხმარებიან.

მზარდია სტატისტიკა ესპანეთშიც სადაც დაღუპულთა რიცხვი 831-მდეა გაზრდილი. ინფიცირებულთა რიცხვი კი 19 ათას აღწევს.

დღის ამბები