06 მაისი 2024,   22:37
ვრცლად
პარლამენტში კონსტიტუციაზე მსჯელობის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მსურველები არჩევნებისთვის ემზადებიან

ვიდრე პარლამენტი კონსტიტუციაზე მსჯელობს,საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მსურველები არჩევნებისთვის ემზადებიან.

ოპოზიციაში არსებულ მოცემულობას დღეს ალეკო ელისაშვილის პოზიცია დაემატა, რომელიც ამბობს, რომ სავარაუდოდ, მაჟორიტარად იყრის კენჭს, საკუთარ თავს კი ერთადერთ ოლქში, საბურთალოზე მოიაზრებს. პოლიტიკოსი მედიასთან დღეს არ საუბრობს.

კონკრეტულ დეტალებს არ ასაჯაროებენ არც მისი ახალი პოლიტიკური პარტნიორები.

პლატფორმა, რომელიც ლევან კობერიძემ, ანა დოლიძემ და ალეკო ელისაშვილმა დააფუძნეს, ბადრი ჯაფარიძეს თუ დავეყრდნობით ერთ-ერთია, რომელთანაც "ლელო" კონსულტაციებს აწარმოებს და არა ერთადერთი. ამ სიაშია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.

ექსპრეზიდენტი ამას არც უარყოფს, თუმცა არჩევანზე თუ მიდგება საქმე, მარგველაშვილს ძველი, ან იმაზე ძველი პოლიტიკური ძალები არ ხიბლავს. შესაბამისად, კონსულტაციებიც ახლადდაფუძნებულ პარტიებთან და პლატფორმებთან ურჩევნია.

მას შემდეგ, რაც "ლელო" მაჟორიტარობის კანდიდატებს პარტიის შიგნით შეათანხმებს, იმსჯელებს პარტიის გარეთაც, ანუ ოპოზიციურ მაგიდასთან, თუ სად შეიძლება საერთო ძალისხმევის მომართვა.

ამ ეტაპზე, ოპოზიციამ ღიად მხოლოდ ორი, საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონები დატოვა და კონკრეტული პირების დასასახელებლად დამატებითი დრო აიღო. ოპოზიცია ხსნის, თუ რა პრინციპებით ეძებენ ახალ კანდიდატებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ერთგული რჩებიან იმ იდეის, რომ დარჩენილი 2 ოლქი სწორედ ერთობლივი კონსულტაციებით შეაჯერონ, სადაც პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ ექნება. ამბობენ,რომ ამ ეტაპზე მაგიდასთან საუბარი არ ყოფილა არც გიორგი მარგველაშვილზე და არც პაატა ბურჭულაძეზე, რაც რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა.

საკონსტიტუციო მოსმენების დასრულების შემდეგ სავარაუდოდ ოპოზიცია კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელების ტემპებს კიდევ უფრო დააჩქარებს, არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება,შესაბამისად სულ უფრო ნაკლები დრო, ამომრჩევლების გულის მოსაგებად.

დღის ამბები