09 მაისი 2024,   23:43
ვრცლად
ვინ დაუპირისპირდება ერთმანეთს მაჟორიტარობისთვის - სავარაუდოდ რეგიონებში "ოცნებას" ოპოზიციიდან რამდენიმე კონკურენტი ეყოლება

2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე მმართველმა გუნდმა ზუგდიდი პრემიერის მრჩეველსა და პრესსპიკერს ჩააბარა. ქალაქისთვის, რომელიც ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების პოლიტიკური ბრძოლის ცხელი ხაზია, ირაკლი ჩიქოვანი იბრძოლებს. 2012-2016 წლებში ის პარლამენტის წევრი უკვე იყო და ორი წლის განმავლობაში ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებს" თავმჯდომარეობდა. ირაკლი ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას მასთან ნულოვანი შანსები ექნება.

ვინ იქნება ირაკლი ჩიქოვანის მეტოქე ზუგდიდში, ჯერჯერობით უცნობია. კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ხელისუფლების ოპონენტები ჯერ არ საუბრობენ. გაერთიანებული ოპოზიციის სტრატეგია დედაქალაქში ცნობილია, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა შეთანხება, თუ რა კონფიგურაციით წარდგებიან ისინი რაიონებში. თბილისში კონკურენცია, რეგიონებში კი კონსოლიდაცია - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს მათი გამარჯვების მთავარი ფორმულაა.

დიდი კონკურენცია იქნება კიდევ ერთ დიდ თვითმმართველ ქალაქშიც. ბათუმში ხელისუფლებამ ოპონენტებთან ორთაბრძოლისთვის სამართალდამცავი შეარჩია. პოლიციის გენერალ-მაიორისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, რესან კონცელიძის მეტოქეები, შესაძლოა მურმან დუმბაძე და "ლელოდან" ირაკლი კუპრაძე იყვნენ. ქობულეთის მოსახლეობის ამომრჩევლების გულის მოგებას კი აჭარის ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ზაალ მიქელაძე შეეცდება.

ანა ნაცვლიშვილი, რომელიც შესაძლოა ქუთაისში "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყოს, ამბობს, რომ მმართველი გუნდის ნებისმიერი კანდიდატი წამგებიან პოზიციაშია. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ გუნდის განახლებაც ვერ შეძლო.

ქუთაისის მაჟორიტარობის კიდევ ერთი პრეტენდენტი შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იყოს. სახელისუფლებო პარტიამ კი, ქუთაისში არჩევანი მედიცინის სფეროს წარმომადგენელზე შეაჩერა. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტების საპასუხოდ ამბობენ, რომ ზაზა ლომინაძე მათი გუნდის ახალი სახეა და მის გამარჯვებაშიც დარწმუნებულები არიან.

იმ შემთხვევვაში, თუ ოპოზიცია თვითმმართველ ქალაქებსა და რეგიონებში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდება, ისინი ოქტომბერში შანსებს დამოუკიდებლად ცდიან. ამ ფორმულით "ევროპულმა საქართველომ" ქალაქ რუსთავში შესაძლოა ირმა ნადირაშვილი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი დავით კირკიტაძე წარადგინოს. მმართველ გუნდში ოპონენტებს კვლავ პოლიტიკურ წარსულს უხსენებენ და დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს მოსახლეობა არჩევანს კვლავ ხელისუფლებაში მყოფ მოქმედ პარტიაზე გააკეთებს.

ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ოქტომბერში მძიმე და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა პოლიტიკური განაცხადი უკვე გააკეთეს. საბოლოო არჩევანი კი, 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს.

დღის ამბები