10 მაისი 2024,   13:35
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა - რა პრობლემები დაინახა ირაკლი კობახიძემ ზურაბ აზარაშვილის საქმიანობაში

ჯანდაცვის მინისტრმა, თანამდებობა პრემიერთან საუბრის შემდეგ დატოვა. მართვის სტილი და კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემა დასახელდა მთავარ მიზეზად, რის გამოც ზურა აზარაშვილს უწყებიდან წასვლა 2 წლის შემდეგ მოუწია. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ყველაზე მკაფიოდ რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში გამოიკვეთა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი ერთ-ერთია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ნაკლები კომუნიკაციის და მენეჯერული ხარვეზების მაგალითად მოჰყავთ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უწყებამ არაერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი რეფორმა გაატარა, არსებობს თემები, რომელიც საზოგადოებამდე სათანადოდ ვერ მივიდა.

ჯანდაცვის უწყებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილისთვის მინისტრის გადადგომა მხოლოდ საკადრო ცვლილებაა, ნაწილისთვის ეს წლების განმავლობაში სისტემაში დაგროვილი პრობლემების შედეგია.

ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ პოზიციას - გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი კონსულტაციის შემდეგ მიიღებს. მანამდე კი მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს. იქნება არა მორიგი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამინისტროების მუშაობით კმაყოფილია, თუმცა ყველა უწყებისგან მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაციას ითხოვს.

კონსულტაციების დასრულების მოლოდინში არიან სახელისუფლებო პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ კანდიდატს მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოზიციის გარდა ვაკანტურია მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაც. რევაზ ჯაველიძის გათავისუფლების გადაწყვეტილებას ხელი ირაკლი კობახიძემ გუშინ მოაწერა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდანვე ამ თანამდებობას, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით ილია შამუგია დაიკავებს. სამუშია ირაკლი კობახიძის დეპუტატობის დროს, მისი კაბინეტის უფროსად მუშაობდა.

დღის ამბები