10 მაისი 2024,   13:55
ვრცლად
პარლამენტი ევროკომისიის 9 დათქმაზე მუშაობას განაგრძობს - ცვლილებებს "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა" და "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" კანონებში კომიტეტებზე განხილავენ

პარლამენტი ევროკომისიის 9 დათქმაზე მუშაობას განაგრძობს. დღეს კომიტეტებზე "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა" და "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" კანონებში ცვლილებები გადის. ამ წუთებში მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

იცვლება რეაგირება თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ხარვეზით წარდგენის შემთხვევაში. დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია. იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები და წესები.

საპარლამენტო ოპოზიცია ცვლილებებს ფასადურად მიიჩნევს, საპარლამენტო უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. ანრი ოხანაშვილმა 9 დათქმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის სხვა რეკომენდაციებზეც ისაუბრა, მათ შორის, სახალხო დამცველის უფლებამოსილებაზე.

"კანდიდატების შერჩევის დროს არის დადგენილი კონკრეტული კვორუმი, რომელიც წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. კვორუმის გაზრდაზე არის საუბარი, ნაცვლად ხმათა უმრავლესობით, აქ იგულისხმება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში საუბარია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს უფლებამოსილება კონკურსის გარეშე დანიშნოს კონკრეტული პირი საკონკურსო კომისიაში. ზოგადად, ვენეციის კომისიის სწორება, რომ რაც შეიძლება მეტი კონკურსი იყოს და სახალხო დამცველთან მიმართებაში რატომ არის ამ სამსახურის მიერ შერჩეული პირი, რატომ შეიძლება კონკურსის გარეშე დაინიშნოს, ეს რამდენად სწორი რეკომენდაციაა, ეს საზოგადოებამ განსაჯოს," - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

დღის ამბები