10 მაისი 2024,   13:35
ვრცლად
არჩევნები, რომლის შედეგმაც შესაძლოა ამერიკა და დანარჩენი მსოფლიოც საფუძვლიანად შეცვალოს - 5 ნოემბერს გადაწყდება დარჩება ბაიდენი თუ დაბრუნდება ტრამპი

ამერიკის პოლიტიკურმა ისტორიამ, ერთი საინტერესო მომენტი შემოინახა და ის 1888 წლის არჩევნებს უკავშირდება, როდესაც პრეზიდენტი კლივლენდი, ბენჯამინ ჰარისონთან დამარცხდა. თეთრი სახლის დატოვების დროს, პირველმა ლედიმ, ფრენსისმა, მოსამსახურე პერსონალი გააფრთხილა, ავეჯისთვის და ორნამენტებისთვის კარგად მოევლოთ, არაფერი დაეკარგათ, გაეტეხათ და როდესაც დაბრუნდებოდა, მისთვის ყველაფერი უნაკლოდ ჩაებარებინათ. როდესაც ფრენსის კლივლენდს ჰკითხეს, დაბრუნებას როდის აპირებდა, მან უპასუხა: ზუსტად 4 წლის შემდეგ. 1892 წლის არჩევნებში კლივლენდმა ხელმეორედ გაიმარჯვა და პირველი ლედიც თეთრ სახლში დაბრუნდა.

დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის ხელახალი შეხვედრა საპრეზიდენტო მარათონში, უნიკალური არ არის. ისტორიის მანძილზე ასეთი 7 შემთხვევა იყო, თუმცა ბოლო 70 წელია, მსგავსი აღარ მომხდარა. სარისკოა და გავრცელებული პრაქტიკა არ არის, თუმცა არც გამონაკლისია, პოლიტიკური პარტიის მიერ, წაგებული კანდიდატის კიდევ ერთხელ წარდგენა. ჯონ კენედისთან დამარცხებულმა რიჩარდ ნიქსონმა, არჩევნები 8 წლის შემდეგ მოიგო. ამ რისკების კარგად შეფასების საჭიროება დღეს რესპუბლიკურ პარტიას არ აქვს, რადგან ნომინაციამდე ტრამპი, კონკურენტებზე დიდი უპირატესობით გამარჯვებული მიდის.

ნიკი ჰეილი საარჩევნო მარათონს ღირსეულად გამოეთიშა. კამპანიის დროს, მან ტრამპს უამრავი კრიტიკა მიუძღვნა და წაგების შემდეგ, მას ოფიციალურად აღარ დაუჭირა მხარი, როგორც ეს პარტიის კანდიდატებს შორის არის მიღებული. ჰეილიმ ექსპრეზიდენტს მხოლოდ წარმატება უსურვა.

ყველაფერი ამერიკული დემოკრატიის გაკვალული გზით მიდის და თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუმცა ეს არჩევნები, თავისი შინაარსით მაინც უცნაურია. საქმე ის არის, რომ მოსახლეობას შეზღუდული არჩევანი აქვს. ცხადია, ორივე კანდიდატს ჰყავს მყარი ელექტორატი. ტრამპს კიდევ უფრო მყარი, რომელსაც დღემდე არ სჯერა, რომ მისმა ლიდერმა 2020 წლის არჩევნები წააგო. თუმცა რესპუბლიკელების და დემოკრატების ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მოხარული იქნებოდა სხვა არჩევანი ჰქონოდა.

დაუცველი საზღვარი და მასობრივი იმიგრაცია, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის საკვანძო თემაა. ის მუდმივად ხატავს ბნელ სურათს, რომ ქვეყანა კრიმინალმა წალეკა; იმეორებს, რომ ამერიკა კვდება და მიგრანტები სხვადასხვა ქვეყნის ციხეებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან მოდიან. პანიკა კარგი საარჩევნო გზავნილია და ამას უკვე სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს. გამოკითხულთა 45% საზღვარზე შექმნილ ვითარებას კრიზისს უწოდებს. ტრამპის პრეზიდენტობის დროინდელი მღელვარება მექსიკის საზღვართან დაკავშირებით, 2024 წელს მან ამომრჩევლის დიდი ნაწილის დაკვეთად აქცია.

სიენა კოლეჯის გამოკითხვით, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 5%-ით ჩამოიტოვა. ბაიდენის რეიტინგი დღეს რეკორდულად დაბალია, თუმცა პრეზიდენტს სავარაუდოდ აქვს შანსი, მისი პოლიტიკის ეფექტურობა დაადასტუროს და რეიტინგიც აწიოს, თუ სხვა საკითხებთან ერთად, ღაზაში მშვიდობის მიღწევას და კიევის დახმარებას მოახერხებს.

ბევრი დემოკრატი ფიქრობდა, რომ სისხლის სამართლის 4 საქმე ტრამპს არჩევნებს ჩამოაშორებდა. ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ის გისოსებს მიღმაც აღმოჩნდებოდა. თუმცა ტრამპის იურიდიულმა გუნდმა, დროის გასაჭიანურებლად ყველა ტაქტიკა გამოიყენა და არ არსებობს გარანტია, რომ რომელიმე საქმეზე განაჩენი ნოემბრამდე დადგება.

არჩევნების მოსაგებად, ტრამპს დიდი მოტივაცია აქვს. მას პრეზიდენტობის მეორე ვადა არ აცადეს. ამის გარდა, არავის დავიწყებია, რომ ის ჯორჯიის ფულტონის საგრაფოს ციხის გირაოთი გათავისუფლებული პატიმარია, ნომრით P01135809, რომელმაც ოვალურ ოფისში ტრიუმფალურად დაბრუნებით, ყოფილი პრეზიდენტის ისტორიაში უპრეცედენტო დაკავების უხერხულობა უნდა გაფანტოს. გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი დიდი ალბათობით მოახერხებს სისხლის სამართლის საქმეებისგან თავის დააღწევს და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს მის ამომრჩეველს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურად დევნიდა.

დღის ამბები