07 მაისი 2024,   09:06
ვრცლად
ჯერჯერობით არ იქნება განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე - მიხეილ ჯანელიძე

ვიშეგრადის ოთხეულის გადაწყვეტილებას, რომელიც მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას, საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. მიხეილ ჯანელიძე დღეს დილით დაბრუნდა პოლონეთიდან, რომელიც მონაწილეობდა ვიშეგრადის ოთხეულის შეხვედრაში.

რა მოთხოვნა ექნება ოფიციალურ თბილისს მოახლოებულ სამიტზე, რომელიც გაიმართება ნოემბერში ბრიუსელში, მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იქნება განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, თუმცა ქვეყანა იმუშავებს იმ 6 პუნქტიანი გეგმით, რომელიც საქართველოს აქვს გადმოცემული ევროკავშირისგან.

„საქართველოს აქვს დაფიქსირებული მკაფიოდ ინტერესი, ქონდეს უფრო მეტი პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში და ჩვენ ამისთვის გადავდგამთ ყველა ნაბიჯებს, ყველა ფორმატში. ვიშეგრადის ქვეყნებმა გამოხატეს და დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა უფრო მეტი პოლიტიკური ინტეგრაციისადმი და ასევე, მოუწოდეს თავიანთ განცხადებაში, ევროპული პერსპექტივის აუცილებლობაზე იმ ქვეყნებისთვის, ვისაც ასეთი ინტერესი გააჩნია,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვიშეგრადის ოთხეული მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. ეს გადაწვეტილება პოლონეთში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე მიიღეს.

პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, შეხვედრას პოლონეთში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

დოკუმენტში, რომელიც მათ მიიღეს წერია: აღმოსავლეთ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო პოლიტიკური ნარატივი და ახალი სტრატეგიული ხედვა. ამ კონტექსტში, ვიშეგრადის ოთხეულის საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტის დეკლარაციაში უნდა აისახოს პარტნიორი ქვეყნების განსხვავებული მისწრაფებები და დაინტერესებული პარტნიორებისთვის შეთავაზებული უნდა იქნას ევროპული პერსპექტივა.

 

დღის ამბები