06 მაისი 2024,   07:44
ვრცლად
სასამართლომ ციხის 6 ყოფილ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ციხის 6-ვე ყოფილ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ ოფიცრებს ბრალად ედებათ პატიმრების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულება.

პროკურატურა საქმეზე ბრალდებული 7 პირისგან პატიმრობას მხოლოდ 6 პირზე ითხოვდა. პროკურატურას სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების რეჟიმის ყოფილი უფროსის, ოლეგ ფაცაციას მიმართ, დამატებითი აღმკვეთი არ მოუთხოვია, რადგან ის ამ დროისთვის 2 სხვა ბრალდების საქმეზე არის მსჯავრდებული და შესაბამისად, პროკურატურას მისთვის დამატებითი აღკვეთის გამოყენება აღარ სურს. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე 600-მდე ყოფილი და ამ ჟამად პატიმრობაში მყოფი პირია გამოკითხული.

ბრალდებულთა ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების გათავისუფლებაზე იშუამდგომლეს, მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს ზოგიერთი დაკავებულის ჯანრთელობის მდგომარეობაზე. თუმცა, მათი მოთხოვნები სასამართლომ არ დააკმაყოფილა.  

მოსამართლის გადაწყვეტილებამ ადვოკატების პოზიცია ორად გაყო. მათი ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება პატიმრობის გამოყენებას და ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს. ისინი საქმეში არსებული მტკიცებულებების სიმცირეზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ არსებული მტკიცებულებებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ვერ დადგება.

ადვოკატთა მეორე ნაწილი კი მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს და მიაჩნიათ, რომ მათი ამგვარი ქმედება უშედეგო იქნება. ისინი საქმის დეტალების გაცნობის შემდეგ, საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფებს გამოძიებასთან თანამშრომლობას შეთავაზებენ.

ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ საქმის დეტალების გაცნობის შემდეგ, თავის დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულის აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

პროკურორმა მოსამართლეს პატიმრობის გამოყენებით მიმართა, რადგან ის ვარაუდობდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა მოწმეებზე ზეწოლა. პატიმრობის გადასინჯვის მოთხოვნის საშუალება ბრალდებულებს 2 თვეში ექნებათ, საქმის არსებითი განხილვა კი მოსამართლის გადაწყვეტილებით 3 ივლისიდან დაიწყება. 

დღის ამბები