19 ნოემბერი 2019,   01:07
ვრცლად
გამგებლის თანამდებობა უქმდება - ყველა მუნიციპალიტეტს მხოლოდ მერი ეყოლება

ქვეყანაში გამგებლის თანამდებობა უქმდება. ყველა მუნიციპალიტეტს ახალი რეფორმის შემდეგ, მხოლოდ მერი ეყოლება. თუმცა, მისი ფუნქციები გაფართოვდება. ინიციატივის ავტორები მთავარ მიზეზად ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას და დუბლირებული თანამდებობების გაუქმებას ასახელებენ.

ცვლილება ძირითადად იმ 12 ქალაქს შეეხება, სადაც დღეს გამგებელიც არის და მერიც. ამ შემთხვევაში, იქნება არჩევითი მერი და მისი ფუნქციები არა მხოლოდ კონკრეტულ ქალაქზე გავრცელდება, არამედ მთლიან მუნიციპალიტეტზე.

სხვა შემთხვევაში, სადაც არის პატარა ქალაქები და სადაც დღეს გამგებლები არიან, ყველგან სახელი გადაერქმევა ამ თანამდებობის პირს და ყველა ქალაქში იქნება მერი.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ნათია სულავამ ცვლილების შესახებ განმარტება გააკეთა.

„მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის პოზიცია არ უქმდება. უბრალოდ მოხდება სახელის უნიფიცირება და ყველასთვის იქნება ერთიანი სახელი და ყველას ერქმევა მერი. მასიური გათავისუფლებები ამას არ მოყვება, მოხდება ოპტიმიზაცია და შესაბამისად, მერიების სტრუქტურაც გადაიხედება და იმ საჭიროებების და იმ რაოდენობის ხალხი იმუშავებს, რაც ოპტიმალური იქნება კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის,“ - განაცხადა ნათია სულავამ.

დღის ამბები