02 მაისი 2024,   10:02
ვრცლად
საკონსტიტუციო პროექტი - ქართული დელეგაციის წევრები ვენეციის კომისიის შენიშვნებზე საუბრობენ 

საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ბერლინში გამართული შეხვედრები შეაფასა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. ანა დოლიძის თქმით, ვენეციის კომისიის მდივანთან და ექსპერტებთან საუბრის დროს, მათი მხრიდან აქცენტი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასა და არჩევის წესის შეცვლაზე გაკეთდა.

„კომისიის მოსაზრება ივნისში გამოქვეყნდება და მანამდე ჩვენ ერთადერთი, ოფიციალური გზავნილი რაც გვაქვს კომისიისგან არის ის, რომ უნდა წარიმართოს ეს პროცესი კონსენსუსის და თანხმობის მეშვეობით,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

კონკრეტულ რეკომენდაციებს ვენეციის კომისია ივნისში წარმოადგენს, თუმცა ევროპული საქართველოს წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საერთაშორისო ექსპერტებისთვის მიუღებელია კონსტიტუციის პროექტში წარმოდგენილი მანდატების გადანაწილების პრინციპი.

უმცირესობის დეპუტატის განცხადებით, ასევე არა ერთი შენიშვნა გამოითქვა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.

„ერთსულოვნად კრიტიკული აზრი დააფიქსირეს ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით და ისინი თვლიან, რომ მანდატების გადანაწილების ის წესი, რაც ქართულმა ოცნებამ ჩადო კონსტიტუციაში, აუცილებლად უნდა შეიცვალოს,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები