28 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
"4 დღის განმავლობაში, თბილისი, ბრიუსელთან ერთად, იქნება ნატოს პოლიტიკური ცენტრი" - ირაკლი სესიაშვილი

ხვალ თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება. დელეგაციის წევრები უკვე თბილისში არიან. მრავალმხრივი შეხვედრები კი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პლენარული სხდომის დასასრულს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა სესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის მართლაც ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ნატოს ისტორიაში, მხოლოდ 4-ჯერ არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და 2002 წლის შემდგომ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. შემდგომი 4 დღის განმავლობაში, თბილისი, ბრიუსელთან ერთად, იქნება ნატოს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, პროგრესის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება, ასევე აღიარება იმ დამოკიდებულებისა, რაც ნატოს საქართველოს მიმართ გააჩნია,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ჩამოსული სტუმრები ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ, ე.წ. სასაზღვრო ზოლს ესტუმრებიან და ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან.

თბილისში, სესიის ფარგლებში, 600 უცხოელი სტუმარი ჩამოდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები