07 მაისი 2024,   09:15
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის იძულებით გაყვანის საქმე - ოპოზიცია სამართალდამცავების სისუსტეზე საუბრობს მმართველი გუნდი კი გამოძიების შედეგებს ელოდება 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის იძულებით გაყვანის ფაქტს ეხმაურებიან. აკაკი მინაშვილი მომხდარს "საგანგაშოს" უწოდებს და ამბობს, ეს  ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას ადასტურებს.

ენმ-ს წევრის თქმით, ქვეყნიდან ადამიანის გატაცება მიუთითებს იმაზე, რომ დღეს საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის დაცული.  

„ქვეყანაში არის სავალალო ვითარება, როდესაც დღისით, მზისით ხდება ადამიანის გატაცება და გაუჩინარება. პრაქტიკულად სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს. მთლიანად სახელმწიფო არის ჩამოშლილი და ქართულმა ოცნებამ რაც მოიტანა საქართველოში ეს არის ქაოსი, არასტაბილურობა, დესტაბილიზაცია და როდესაც ასეთი რამ ხდება საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული. ყველას აქვს საფრთხე იმისა, რომ რაღაც ზიანი მიადგეს,“-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

უსაფრთხოების სამსახურის და სამართალდამცავი უწყებების სისუსტეზე საუბრობს ევროპული საქართველო.

„ფაქტია რომ აქ პირველ რიგში არის სისუსტე უსაფრთხოების სამსახურის, სისუსტე შინაგან საქმეთა სამინისტროსი და ადამიანი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან გაიტაცეს, შემდეგ აღმოჩნდა აზერბაიჯანის გამშვებ პუნქტზე. ამაზე რა თქმა უნდა ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა,“-აცხადებს თენგიზ გუნავა.

გამოძიების შედეგებს ელოდება მმართველი გუნდი.

„სწორედ მაგიტომ არის დაწყებული გამოძიება, რომ გაირკვეს როგორ მოხვდა კაცი საქართველოდან აზერბაიჯანში,“-ამბობს ზვიად ძიძიგური. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გუშინ გაუჩინარდა. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული. მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ დაიწყო.

დღის ამბები