06 მაისი 2024,   19:09
ვრცლად
სასოფლო სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმი ცხადდება

სასოფლო სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმი ცხადდება.  გადაწყვეტილება იმ დრომდე იქნება ძალაში, ვიდრე ამ საკითხის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში არ მოხვდება.

ასევე პარლამენტი უკან გამოიწვევს ინიცირებულ კანონპროექტს, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვის საკითხი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეც მიწის გასხვისების რეგულაციების გამკაცრების მიზეზებს განმარტავს. მმართველ გუნდის ლიდერების თქმით, არსებობდა საშიშროება, რომ სასოფლო სამეურნეო მიწის შესყიდვა მომხდარიყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან და სწორედ ამიტომ მმართველმა გუნდმა მიიღო მორატორიუმის გამოცხადების გადაწყვეტილება.

„ნება არის გაცხადებული იმის თაობაზე, თუ კონსტიტუციის დონეზე როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი იმისათვის, რომ ეს ნება რეალიზებული იყოს უშუალოდ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე და ამოქმედებამდე მნიშვნელოვანია ორგანული კანონის დონეზე მანამდე მოწესრიგდეს ეს საკითხი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ოპოზიციაში.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ კომუნისტური იდეოლოგიის რეაბილიტაცია მოახდინა.

„რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მათ შორის საკანონმდებლო სფეროში, ეს იყო მოსალოდნელი, ვინაიდან ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებას დაეპატრონნენ ქაჯები. სხვანაირად ამ პროცესებს ვერ შევაფასებ, რაც დღეს ხდება საქართველოში. ეს არის 25 წლით უკან სვლა, ეს არის კომუნისტური იდეოლოგიის რეანიმაცია,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

ინიციატივას  ხელისუფლებაზე მორგებულს უწოდებს და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას ევროპული საქართველო.

„ის გადაწყვეტილება, რასაც  მიწასთან დაკავშირებით აბსოლუტურად პოპულისტურად და, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილის ემოციების ფონზე იღებს ხელისუფლება, ხელს შეუწყობს გლეხისთვის მიწის ფასის დაგდება და ამ გაუფასურებულ მიწას შეიძენენ საქართველოს მოქალაქეები და ეს იქნება ივანიშვილი, ეს იქნებიან ფარცხალაძეები, ეს იქნებიან ღარიბაშვილები, კვირიკაშვილები და ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებულ სისტემაში ხალხის ხარჯზე მდიდრდება,“ - განაცხადა ზურაბ ჭიბერაშვილმა.

დღის ამბები