06 მაისი 2024,   18:33
ვრცლად
პროფესიონალური შეფასებაა, კორექტული, გაწონასწორებული - ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის შესახებ საია-ს დასკვნას აფასებს

რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტი და კომპანის გენერალური დირექტორი აფასებენ. თამთა მურადაშვილის თქმით, აღნიშნული დასკვნა ცხადყოფს რეალურ სურათს.

“ამ ანალიზის გამოქვეყნება ბევრი ადამიანისთვის ცხადყოფს რეალურ სურათს რამდენად არათანმიმდევრული იყო სასამართლო და რეალურად შეიძლება დავასკვნათ, რომ ნამდვილად კოორდინირებული იყო და ხელისუფლების ინტერესებიც იკვეთებოდა. 2017 წლის მარტში, როდესაც სტრასბურგმა დროებით შეაჩერა გადაწყვეტილების აღსრულება, ჩვენ ჩაგვივარდა ხელთ სამთავრობო გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მათ გაუგზავნეს ევროპარლამენტს  და ამ დოკუმენტში ეწერა სწორედ ეს ფაქტები, ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის და საერთაშორისო გამჭვირვალობის დასკვნა, რომელსაც შემდეგ, პირველად შევხდით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა,“  - განაცხადა მურადაშვილმა.

საია-ს დასკვნას ასევე დადებითად აფასებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და აღნიშნავს, რომ ის დასკვნას ყველა პუნქტში ეთანხმება.

“სუპერ პროფესიონალური შეფასებაა, ძალიან კორექტული, გაწონასწორებული. ვერ ვიტყვით, რომ ეს არის პრო რუსთავი 2-ის შეფასება. შეიძლება ვიღაცას ეს მოლოდინი ჰქონდა იმიტომ, რომ ნამდვილად რუსთავი2-ის დაცვაში საია იყო ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაცია და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, მათ შორის სტრასბურგში ჩვენი საქმის ამ ეტაპზე გამარჯვებაში. ძალიან პროფესიონალურია, ვეთანხმები აბსოლუტურად ყველა პუნქტში და მთავარი, რაზეც ყურადღება გამახვილებულია, რომ უზენაესი სასამართლო ეს გადაწყვეტილება გარდა იმისა, რომ შინაარსობრივად გაანალიზებულია რამდენად არასწორია სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე ძალიან მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს წინარე პრაქტიკას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს შემდგომ პრაქტიკას. ეს აჩვენებს თვალნათლივ, რომ ამ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სპეციფიურად  ამ საქმისთვის და ამ შედეგის დადგომისთვის მიზანმიმართული და აბსოლუტურად ამოვარდნილია ყოველგვარი სამართლებრივი კონტექსტიდან, საკუთრივ უზენაესი სასამართლოს სამართალშემოქმედებიდან,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.   

დღის ამბები