07 მაისი 2024,   10:16
ვრცლად
ქართულ არმიაში არსებული ვითარება - უცნობია, შეიკრიბება თუ არა საკითხის განსახილველად უშიშროების საბჭო

ქართულ არმიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ოპოზიცია უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნას მოითხოვს. უფროსმა ლეიტენანტმა საიდუმლო დოკუმენტები თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს მიუტანა. ოპოზიცია რეაგირებას ქვეყნის მთავარსარდლისგან მოითხოვს და უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას სთავაზობს.

უფროსი ლეიტენანტის ინფორმაციით, სამხედრო მომსახურეების საკვებიც საველე პირობებში ძირითადად სტანდარტთან შეუსაბამოა. უშიშროების საბჭოს აპარატმა წარმოდგენილი ფოტო და სხვა სახის მასალების შესწავლა უკვე დაიწყო.

დაინიშნება თუ არა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა სკანდალური დოკუმენტების განსახილველად, ამ თემაზე ჯერ პრეზიდენტს გადაწყვეტილება არ მიუღია.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეიარაღებული ძალები მთავრობისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს და ჯარში არსებული მდგომარეობის შესწავლის აუცილებლობას ასახელებენ. ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ძალების საკითხის უკანა პლანზე გადატანის შესახებ ექსპერტებიც საუბრობენ.

დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა შეიარაღებულ ძალებში პრობლემებს არ უარყოფს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.

ჯარიდან პროტესტის ნიშნად წამოსული სამხედრო პრეზიდენტის პასუხის მოლოდინშია. იმ შემთხვევაში თუ უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნება, ოპოზიცია ფიქრობს, რომ შეხვედრაზე ქვეყნის სხვა ძალოვან უწყებაში მიმდინარე პროცესები უნდა განიხილონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები