06 მაისი 2024,   02:05
ვრცლად
მმართველი გუნდი ე.წ. ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით ზედა, ქვედა და ფარდობით ზღვარს აწესებს

მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია. "ქართული ოცნება" კონსტიტუციის 37-ე მუხლს ახალი ფორმულირებით აყალიბებს. მმართველი გუნდი გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციის იმ ნაწილს, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას, გაუნაწილებელ მანდატებს და ე.წ. ბონუსის სისტემას. მმართველი გუნდი ე.წ. ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით ზედა, ქვედა და ფარდობით ზღვარს აწესებს.

1. აბსოლუტური ზედა ზღვარი - 89 მანდატზე მეტს გამარჯვებული პარტია გაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე ვეღარ მიიღებს;

2. ქვედა ზღვარი - 75 ან ნაკლები მანდატი, როდესაც გამარჯვებული პარტია ბონუსის გათალისწინებით მხოლოდ ამ რაოდენობის მანდატს მიიღებს, ანუ 75 ან ნაკლები ადგილი ექნება საკანონმდებლო ორგანოში;

3. ფარდობითი ზღვარი - გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა გამარჯვებული პარტიისთვის არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით,  ცვლილებების შედეგად ბონუსების მექანიზმი გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ პარლამენტში მანდატების ჭარბ კონცენტრაციას, რაც უზრუნველყოფს პირველ ადგილზე გასული და ოპოზიციური პარტიების სრულფასოვან მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში.

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ეთანხმება და არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.

„ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი მიზანია ივანიშვილის ოჯახურ-კლანურ-მაფიოზური მმართველობის შენარჩუნება და მისთვის ერთგვარად კანონიერი ჩარჩოს მოძებნა. "ქართული ოცნება" ცდილობს, ქართული საზოგადეობა შეცდომაში შეიყვანოს, მოატყუოს საერთაშორისო თანამეგობრობა და ილუზია შექმნას, რომ თითქოს, ესა თუ ის ტექნიკური რეკომენდაცია გათვალისწინებულია“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა.

„ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ რაც უფრო დიდია ე.წ. ბონუსი, მით უფრო უსამართლოა საარჩევნო შედეგი.

„სამართლიანი არჩევნების მთავარი პრინციპი არის პროპორციულობის პრინციპი, როცა ამომრჩევლის ხმების პირდაპირპროპორციულად ნაწილდება მანდატები და ნებისმიერი ბონუსის სისტემა არის რომელიმე ერთი პარტიის მიერ ამომრჩევლის ხმების ხელოვნური, დაუმსახურებელი მითვისება“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

არასაპარალამენტო ოპოზიცის შეფასებით, "ქართული ოცნება" ცდილობს, ხელისუფლებაში სათავეში ყოფნა შეინარჩუნოს.

„გარანტირებული უმრავლესობა დარჩა ივანიშვილის მაფიოზურ კლანს, 89 დეპუტატი ყველა ვარიანტში ეყოლებათ, მაშინ, როცა უმრავლესობისთვის 76 საჭიროა, რატომ, რა დამსახურებისთვის?“-განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. 

„რესპუბლიკურ პარტიაში" აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. 

 

დღის ამბები