11 მაისი 2024,   00:13
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - შს მინისტრმა შესაძლოა ოპოზიციის კითხვებს უპასუხოს 

„ქართული ოცნების“ ოფისში შს მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე იყო.

თუმცა, რა ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა მინისტრმა თანაგუნდელებს უცნობია, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დეტალებზე არ საუბრობენ.

არჩილ თალაკვაძემ შს მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა არ გამორიცხა. თალაკვაძე ამბობს, რომ გიორგი მღებრიშვილი ოპოზიციის კითხვებს თავს არ აარიდებს.

„ოპოზიცია ვფიქრობ, წინასწარ იქმნის ნეგატიურ განწყობებს. მე ვურჩევდი, რომ ნუ შეიქმნიან ასეთ ნეგატიურ განწყობებს და ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ამ შეხვედრაზე მე პირადად დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ შს მინისტრი ნამდვილად არ აარიდებს თავს სხვა ფორმატებში შეხვედრას, საპარლამენტო ფორმატში შეხვედრას, მათ შორის ოპოზიციის, უმცირესობის წარმომადგენლებთან. ეს გადაწყვეტილება მისი მისაღებია, მე ვფიქრობ, რომ ის თავს არ აარიდებს ამ შეხვედრას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია შინაგან საქმეთა მინისტრს. გიორგი მღებრიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისი მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად უკანა კარიდან დატოვა.

შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა კობა ნარჩემაშვილმა, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მანამ, სანამ გამოძიება არის შუალედურ პროცესში, მე არ ვთვლი საჭიროდ პოლიტიკური ბერკეტები და ინსტრუმენტები ამოქმედდეს. იმიტომ, რომ ამით ჩვენ დისკრედიტირებას ვახდენთ საგამოძიებო ორგანოების და ეს ის ინსტიტუტებია, რომელიც ოპოზიციასაც და პოზიციასაც, ყველას ერთნაირად გვჭირდება,“ - აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, შს მინისტრთან შეხვედრაზე მსჯელობა და საუბარი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საქმეებზე შედგა. მისივე თქმით, საუბარი აფგან მუხთარლის საქმის გარდა, რეპერების საქმესაც შეეხო.

ამავე თემაზე
დღის ამბები