02 მაისი 2024,   09:18
ვრცლად
"მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად" - ზაალ უდაუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება.   ოფიციალური წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში ცოტა ხნის წინ გაიმართა. ზაალ უდუმაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

„დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილას მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. ამდენი წელია მისმენდით თქვენს სახლებში, მისმენდით და იგებდით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში, მოვიდა დრო მოვისმინო თქვენი აზრი, მოვისმინო თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახლებში, პარკებსა და სკვერებში, მეტროსადგურებსა და ავტობუსებში. ყველგან სადაც ხართ, ყველგან სადაც თბილისია. მოვიდა დრო, მოვიდე თქვენთან და მოგისმინოთ, რათა გავიგო როგორ ცხოვრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იცხოვროთ უკეთესად,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.  

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, არასდროს ისე უყურადღებოდ მიტოვებული თბილისი არ ყოფილა, როგორც ეს არის დღეს. ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ თბილისში არის უამრავი მოუგვარებელი პრობლემა. უდუმაშვილის თქმით, მას სურს გახდეს თბილისის მერი რათა დედაქალაქი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი.  

„დღეს თბილისელები გაბრაზებულები ვართ, იმიტომ, რომ არასდროს არ ყოფილა ჩვენი ქალაქი ასე უყურადღებოდ მიტოვებული, როგორც დღეს. იმიტომ, რომ არასდროს ასე უგულებელყოფილი არ ყოფილა ჩვენი თბილისელების ნება, როგორც დღეს, იმიტომ, რომ არასდროს ამდენი მოუგვარებელი პრობლემა არ დაგროვილა და არ დარჩენილა უპასუხოდ, როგორც დღეს. დღეს მეც როგორ თქვენ, ჩემი თანაქალაქელები ვარ გაბრაზებული და ამიტომაც ჩემი წარმდგენი პირველ რიგში ხართ თქვენ. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი იმიტომ, რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გამარჯვების შემთხვევაში გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი მერობის შემთხვევაში აღარ დაჯილდოვდებიან კორუმპირებული მოსამართლეები თბილისის მიწებით, აღდგება შემოვლითი რკინიგზისა და გზების მშენებლობის შეჩერებული პროექტები, ჩატარდება არა ერთი სამუშაო იმისთვის, რომ მოეწყოს დედაქალაქის ინფრასტრუქტურა.

უდუმაშვილი ამბობს, რომ თბილისი გადაიქცევა განათლებაზე განსაკუთრებით მზრუნველ ქალაქად. მისივე თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება სოციალურად დაუცველი სტუდენტების, მოსწავლეების და სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელთა სწავლა.

 

 

დღის ამბები