02 მაისი 2024,   12:17
ვრცლად
ბათუმში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი - გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით ინტოქსიკაციაა

ბათუმში ნაქირავებ ბინაში ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცების ცხედრები ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. ექსპერტები მათი გარდაცვალების მიზეზებს იკვლევენ.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე კი ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცები მოკლულები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრებს ძალადობის კვალი აღენიშნება.

მეზობლების ინფორმაციით, ცხედრები დაქირავებული ბინის მეპატრონემ და ერთ-ერთი გარდაცვლილის მშობელმა იპოვეს. ერთი პროფესიით მომღერალი, მეორე კი მოდელია.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრები ახალგაზრდებს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ, განაცხადი პოლიციაშიც ჰქონდათ გაკეთებული, თუმცა უშედეგოდ.

რა გახდა ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. კურიერის ინფორმაციით, ცხედრების ექსპერტიზა უკვე დასრულდა და გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით ინტოქსიკაციაა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდებმა ე.წ. ბიო მოიხმარეს.

ამ ვერსიას გარდაცვლილების მეგობარი არ ეთანხმება.

გარდაცვლილი ახალგაზრდების ცხედრებს პროზექტურიდან სახლებში, სავარაუდოდ, დღეს ღამით გადაასვენებენ. ბათუმში მათი ოჯახის წევრები იმყოფებიან, თუმცა კამერებთან საუბრისგან თავს იკავებენ.

დღის ამბები