26 აპრილი 2024,   08:46
ვრცლად
ახალი დოკუმენტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ოპოზიცია ხელისუფლებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს

ოპოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი დოკუმენტების აღებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის ეს პოლიტიკა ქართველი მოსახლეობის გამოძევებას ემსახურება და ქართულმა მხარემ ამის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა იღონოს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე საქართველოს ხელისუფლებას ხმის ამაღლებისკენ მოუწოდებს.

„ეს არის ქართველი მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი შევიწროების მცდელობა იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს, აიყაროს იქიდან ხალხი და ვინც აქამდე ვერ გამოაგდეს, რაღაც ძალებით აიძულონ, რომ დატოვონ თავიანთი სახლ-კარი... ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი დანაშაული და საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს. მაგრამ, პირველ ყოვლისა, ამაზე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიმაღლოს ხმა და არ გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელსაც აქამდე ატარებდა,“ - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, სერგი კაპანაძე პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო დავების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„ეს არის ისეთი სერიოზული პრობლემა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ყველა რესურსს მიმართოს, რომ იყოს უმთავრესი საერთაშორისო დღის წესრიგში. არა მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, არამედ, მათ შორის, მზად უნდა იყოს ქვეყანა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჰქონდეს სასამართლო დავები, რომ ასეთი ტიპის პროცესები შეწყდეს იქ,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე. 

დღის ამბები