02 მაისი 2024,   10:41
ვრცლად
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მუშაობას დროებით წყვეტს

საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მუშაობას დროებით წყვეტს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა და დროებით საბაჟო-გამშვები პუნქტი დაიხურა.

„საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც განპირობებულია ადგილზე შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს დაახლოებით ორი საათისთვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, განეხორციელებინა საბაჟო გამშვებ პუნქტში თანამშრომლებისა და იქ მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია. ჩვენ მივიღეთ, ადგილზე, კონტროლის ზონაში დამონტაჟებული გამაფრთხილებელი სისტემიდან წინასწარ შეტყობინების სიგნალი, რაც გვხდის ვალდებულს, რომ განვახორციელოთ ევაკუაცია. შესაბამისად, პრობლემის აღმოფხვრამდე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით წყვეტს მუშაობას,“ - განაცხადა შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

უწყებამ ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. 

„დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, პრობლემის აღმოფხვრამდე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით წყვეტს მუშაობას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია განხორციელდა,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცოტა ხნის წინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, ღვარცოფული პროცესების გააქტიურება, რომელიც ამ ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო, რის შემდეგაც განგაშის სიგნალი ჩაირთო. სპეციალისტების თქმით, ღვარცოფული პროცესები ყინულის დნობამ გამოიწვია. საგანგებო მდგომარეობის გამო, თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია განხორციელდა ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. საგანგებო მდგომარეობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურსაც. ადგილზე იმყოფებიან სპეციალისტები, რომლებიც ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. საავტომობილო გზაზე მოძრაობა რისკის შემცირების შემდეგ აღდგება.

დევდორაკის ხეობაში დაფიქსირდა მძლავრი ღვარცოფული პროცესები. ადრეული გაფრთხილების სისტემამ წარმატებით იმუშავა და აღნიშნული სიგნალი გადმოსცა სხვადასხვა უწყებებს, ჩაირთო რაცია და შესაბამისად, მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია დადგენილი გეგმის შესაბამისად. ღვარცოფული პროცესების განვითარება, ვინაიდან არ გვაქვს ინტენსიური ნალექები, განაპირობა მყინვარის ინტენსიურმა დნობამ და დაახლოებით ორ საათზე, წყლის დონემ დაახლოებით 3.7 მეტრს მიაღწია, მაშინ როდესაც კრიტიკული დონე, სპეციალისტების მიერ, 2 მეტრს აღწევს. შესაბამისად, ავტომატურ რეჟიმში გაიცა გაფრთხილების სისტემა. ამჟამად გზა არის გადაკეტილი. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებიან ადგილზე და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, მოხდება გზის აღდგენა,“ - განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ.

 

დღის ამბები