02 მაისი 2024,   12:52
ვრცლად
პოლიტიკური თაღლითობა - არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის უბარიერო სისტემა მიუღებელია

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი უბარიერო სისტემის შემოღებას ეწინააღმდეგება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის ერთ პროცენტამდე დაწევას გეგმავს.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ვარაუდობს, რომ ამ იდეის განხილვა და გატარება მმართველ პარტიას გუნდის შიგნითაც გაუჭირდება.

„უბარიერო სისტემას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ გვექნება მაჟორიტარული სისტემა. ეს ისევ და ისევ არის ადამიანების მოტყუება, იმიტომ, რომ ამ სისტემაში "ქართულ ოცნებას" ისევ რჩება შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს სრული უმრავლესობა, რასაც ეწინააღმდეგება მთელი პოლიტიკური სპექტრი,“ - აცხადებს თამარ კორძაია.

"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკურ თაღლითობას უწოდებს.  

„ეს სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური თაღლითობის და პატარა ვაჭრუკანობით მეთოდით ოპოზიციის მოსყიდვა... იმედს გამოვთქვამ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი და პრინციპული პარტიები ასეთ ანკესზე არ წამოეგებიან,“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

"თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ ბარიერის ერთ პროცენტამდე დაწევით სატელიტი პარტიების შეყვანას გეგმავს.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი კი, უბარიერო სისტემას „დემოკრატიის დამკრძალავ კომისიას“ ადარებს და მის განხორციელებას ეწინააღმდეგება. 

ხვალ 12:00 საათზე უმრავლესობა ოპოზიციას შეხვედრის თარიღს შეთავაზებს. 

დღის ამბები