02 მაისი 2024,   10:59
ვრცლად
სკანდალი შს მინისტრის ირგვლივ - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ პროკურატურას, შს მინისტრის სავარაუდო მონაწილეობით გავრცელებული აუდიო ჩანაწერის საქმეზე, გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი გამოძიების დაწყებას სამი მუხლით ითხოვს. ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძის უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები დევნის, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ადევნების მუხლებით უნდა დაიწყოს.

დაიწყებს თუ არა პროკურატურა საქმეზე გამოძიებას, უცნობია. საკითხზე კომენტარი პირადად შს მინისტრს არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ აუდიო ჩანაწერში შესაძლოა, ის მთავარი მოქმედი გმირი იყოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი ჩანაწერს არასერიოზულად მიიჩნევენ, ეკა ბესელიას აზრით, ეს „იუმორისტული ჟანრის სკეჩია“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ჩანაწერს, რომელიც რუსმა პრანკერებმა, მათი თქმით, გიორგი მღებრიშვილის მონაწილეობით ჩაიწერეს, საერთაშორისო ექსპერტიზაზე გააგზავნიან.

ოპოზიციაში მმართველი გუნდის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ და იხსენებენ ფარულ ჩანაწერებს, რომელთა ავთენტურობაში, შესაბამისი მტკიცების გარეშე, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ეჭვი არ ეპარებოდათ.

ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, გიორგი მღებრიშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხებს განიხილავს, „სტრანა.უამ“ გაავრცელა. შსს-მ ჩანაწერის ავთენტურობა უარყო და ამის შესახებ სპეციალური წერილობითი განცხადება გაავრცელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები