06 მაისი 2024,   22:49
ვრცლად
თბილისის ბიუჯეტიდან 900 ათასი ლარი მერიის ყოფილი თანამშრომლების კომპენსაციებზე დაიხარჯება

დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცების და განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, თბილისის ბიუჯეტიდან 900 ათასი ლარი მერიის ყოფილი თანამშრომლების კომპენსაციებზე დაიხარჯება.

კერძოდ, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც დავით ნარმანიამ, მერად არჩევის შემდეგ, მუნიციპალიტეტიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით საქალაქო სასამართლომ ეს ადამიანები თანამდებობზე აღადგინა და მერიას მათთვის კომპენსაციების გადახდა დაევალა. 

ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ დავით ნარმანიამ ეს ადამიანები თავის დროზე მუნიციპალიტეტიდან  პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მარინა დათუკიშვილი, აცხადებს, რომ მერისგან და მერიის წარმომადგენლებისგან სურდა, მიეღო ინფორმაცია კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, თუმცა, მისი თქმით, მათ ვერ გაბედეს საკრებულოში მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა.

გარდა ამისა, ოპოზიცის წევრები იმ კითხვებზე ითხოვენ პასუხის გაცემას, რომელიც დედაქალაქის მერიაში, დაახლოებით, 600 ადამიანი დასაქმებას ეხება. 

„მათ ვალდებულება აქვთ, ფრაქციის სხდომაზე მოვიდნენ და მითუმეტეს, მის მოადგილეს და ადმინისტრაციის უფროსს, რომლებიც საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ. თქვენ მოგმართავთ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, თქვენ მაინც დაიცვათ საკრებულოს ღირსება, უფლებები და აიძულოთ ეს გაზულუქებული ადამიანები, მობრძანდნენ და კითხვებს გასცენ პასუხი,“ - განაცხადა მარიან დათუკიშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, მარინა დათუკიშვილის ამ განცხადებას არ ეთანხმება და საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ დავით ნარმანია პასუხს არასდროს გაურბის.

„რამდენიც აქვს ვალდებულება, იმაზე გაცილებით მეტჯერ მოდის ხოლმე ბატონი დავითი და სცემს ყველა თქვენს მიერ დასმულ კითხვას,“ - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის წევრი, თამაზ შოშიაშვილი, "ბიუჯეტის ფლანგავს" და "უკანონობას" უწოდებს მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გადახდას.

 

დღის ამბები