07 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
ხმაურიანი დაკავებები - ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში დაკავებები გრძელდება

დღეს თბილისის ერთდროულად რამდენიმე გარეუბანში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. კრიმინალური პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი ისევ ნარკოდანაშაულში ბრალდებულებს აკავებდნენ.

ხმაურით და სამართალდამცველებთან დაპირისპირებით დასრულდა სპეცოპერაცია ფონიჭალაში. დაკავებული ფაილ ჰუსეინოვის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ის უდანაშაულოა და ნარკოტიკი მას პოლიციამ ჩაუდო.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ფაილ ჰუსეინის წელს უკვე მეორედ დააკავეს. პირველად სამი თვის წინ, დედასთან ერთად, ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებით აიყვანეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ხოლო ფაილ ჰუსეინის დედას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

შსს-ს ინფორმაციით, ფაილ გუსეიონოვის პირადი და სახლის ჩხრეკისას 44 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიება მხოლოდ ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.

ფაილ გუსეინოვს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც, მისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.

დღესვე, ფონიჭალაში სპეცოპერაციისას დაკავებულმა ელნურ ჯაფაროვმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბრალი აღიარა. ის სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 აგვისტოს აიყვანეს და ბრალად ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება ედებოდა.

დაცვის მხარემ სასამართლოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების სანაცვლოდ, 5000-ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა ჯაფაროვი პატიმრობაში დატოვეს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ოქტომბერს გაიმართება.

დღის ამბები