06 მაისი 2024,   23:18
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონკურსში გამარჯვებული პროექტები შეჩერდა 

საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი დაპირისპირებაა. მენეჯმენტის გადაწყვეტილებით შეჩერდა იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ცოტა ხნის წინ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა. ავტორებისთვის ამ გადაწყვეტილების მიზეზები ბუნდოვანია. ერთ-ერთი პროექტის ავტორი სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

თეონა ჯორბენაძე პასუხებს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ერთი კვირაა ითხოვს. გადაცემა "მოდემ არტის" ავტორს, რომელსაც კონკურსის სამი ეტაპის გავლა და გამარჯვება პირადად საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა მიულოცა, პროექტის შეჩერების შესახებ ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს.

რატომ გაჩერდა ეთერში ჯერ არგასული და კონკურსის წესით შერჩეული პროექტები, პაატა ქურდაძეს დღეს არ განუმარტავს. საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობითი განცხადებით შემოიფარგლა. ირკვევა რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონკურსის წესით შერჩეული კიდევ ორი გადაცემა გააჩერა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადება არასაკმარისია სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის, სულხან სალაძე მენეჯმენტისგან დამატებით განმარტებებს სექტემბერში გამართულ სხდომაზე მოითხოვს.

რეპუტაციული და მატერიალური ზიანის მიყენებისთვის, მოდემ-არტის გუნდი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დავას უკვე სასამართლოში გააგრძელებს.

დღის ამბები