27 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
მმართველი გუნდი კონსტიტუციის ახალ ვარიანტში მესამე მოსმენის დროს ძირეული ცვლილებების შეტანას არ გეგმავს

მმართველი გუნდი კონსტიტუციის ახალ ვარიანტში მესამე მოსმენის დროს ძირეული ცვლილებების შეტანას არ გეგმავს. დღეს, ვენეციის კომისიის  მდივანმა, ტომას მარკერტმა აღნიშნა, რომ ქართული მხარისგან მიღებული ინფორმაციით, შესაძლოა, ახალ პროექტში ცვლილებები შევიდეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის მიერ გადმოგზავნილი შენიშვნები მმართველმა გუნდმა სრულად გაითვალისწინა.

„საქართველოში დასრულდა ის დროს, როდესაც მესამე მოსმენის ფარგლებში შინაარსობრივ ცვლილებებს ახორციელებდნენ და ასე ვთქვათ, კანონებს ისე იღებდნენ, როგორც მათთვის იყო ასახული,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, რა ნაწილის შესწორებაზე გააკეთა აქცენტი ტომას მარკერტმა თავის განცხადებაში.

„წინასწარი დასკვნა ჩვენთვის ცნობილია და ასახულიც არის ყველა ის, 23 შენიშვნიდან 20 შენიშვნა... მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის დასკვნას და მხედველობაში მივიღებთ. ჩვენ გავეცნობით ყველა ვარიანტში და კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ იქიდან გამომდინარე პროცედურულად, რის შესაძლებლობაც გვექნება,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვენეციის კომისია, საკუთარ დასკვნას 22 სექტემბერს გამოაქვეყნებს, თუმცა, კომისიაში იმედი აქვთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მათ მოსაზრებებს გაითვალისწინებს. 

დღის ამბები