26 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
ისევ ისეთ კონსტიტუციას იღებენ, რომელსაც შემდეგი ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეცვლის - თინათინ ხიდაშელი

გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო სექტორის, პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი წარუდგინა. ოპოზიციის მიერ 5 პუნქტად ჩამოყალიბებული მოთხოვნები უკვე ვენეციის კომისიასაც და მმართველ გუნდსაც გაეგზავნა.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, მმართველი გუნდი პროცესის ცალმხრივად წარმართვით ქვეყნის მთავარ კანონს საკუთარ ინტერესებზე ირგებს. თუმცა, არასამთავრობოების ნაწილი იქვე მიუთითებს, რომ ოპოზიციისა და პრეზიდენტის ერთობლივი დოკუმენტი საკანონმდებლო ნახევარფაბრიკატის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, დავით ჯანდიერი პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება, რადგან, მისი განმარტებით, რაიმე სახის დოკუმენტი მაინც უნდა შედგეს.

„ეს დოკუმენტი არის ნახევარფაბრიკატი იმ თვალსაზრისით, რომ ის არ მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომლის ასახვა სამოქალაქო სექტორს ზოგადად სურდა კონსტიტუციაში და პირველ რიგში, ეს არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი, ლაშა ტუღუში ფიქრობს, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციის წევრებს დოკუმენტში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის აღნიშვნა დაავიწყდათ, როგორიც ადამიანის უფლებებია. ამასთანავე, ის აცხადებს, რომ უმრავლესობა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში, მიუღებლად იქცევა.

„არ შეიძლება კონსტიტუციის გადაგრეხვით კონსტიტუციის მიღება ქვეყანაში,“ - აცხადებს ლაშა ტუღუში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური კი მიიჩნევს, რომ იმისთვის, რომ მხარეებს შორის კონსენსუსი შედგეს, განსახილველად, რაც შეიძლება ნაკლები საკითხი უნდა იყოს დაყენებული.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ფიქრობს, რომ პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებულ, საკონსტიტუციო ცვლილებათა დოკუმენტს პერსპექტივა არ აქვს, რადგან უმრავლესობა დათმობაზე წასვლას სისუსტედ მიიჩნევს.

„პროცესი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არასწორად წარიმართა, თუმცა, ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის საქართველოში. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მორიგ ჯერზე, დამოუკიდებლობის 26-ე წელს საქართველო ისევ ისეთ კონსტიტუციას იღებს, რომელსაც შემდეგი ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეცვლის,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

დღის ამბები