26 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
უბედური შემთხვევა 206-ე ბაღში - აღმზრდელები კომენტარისგან თავს იკავებენ

ზემო ფონიჭალაში, 206-ე საბავშვო ბაღში ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. უბედური შემთხვევის მიუხედავად, ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ შეწყვეტილა. სამართალდამცველებმა დალუქეს მხოლოდ ის ოთახი, საიდანაც მცირეწლოვანი გადმოვარდა.

აღმზრდელები, რომლებიც ინციდენტისას ბავშვთან მუშაობდნენ, მედიასთან არ გამოჩენილან. ისინი მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ ბაღის სხვა თანამშრომლებიც, თუმცა აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევის დროს ბავშვები უყურადღებოდ დატოვებული არ ყოფილან და მათთან იმყოფებოდა ორი აღმზრდელი.

საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავაც მძიმეა. ექიმების ცნობით, მას ერთი ფილტვი გათიშული აქვს, რამდენიმე ადგილას აღენიშნება სახის ძვლის მოტეხილობა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

უბედური შემთხვევა ზემო ფონიჭალაში, 206-ე საბავშვო ბაღში დღეს დილით მოხდა. 3 წლის ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა. აღსაზრდელი ამ დროისთვის კვლავაც საავადმყოფოში რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები