08 მაისი 2024,   07:41
ვრცლად
თამარ ჟვანიას ცესკოში საკუთარი შვილი ჰყავდა დასაქმებული - "ენმ" ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს

თამარ ჟვანიას ცესკოში საკუთარი შვილი ჰყავდა დასაქმებული - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის განცხადების პასუხად გააკეთა.

თამარ ჟვანიამ „კურიერში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, რომელიც საოლქო კომისიებში არსებულ სავარაუდო ნეპოტიზმს შეეხებოდა, განცხადება გააკეთა და სიუჟეტში გასული ფაქტები კონკრეტული პარტიის მიერ დაწერილ სცენარად მოიხსენია.

ლევან ხაბეიშვილი ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა და ცესკოში არსებული სავარაუდო ნეპოტიზმის ახალი ფაქტები წარმოადგინა.

„სხვა რაიონებშიც ოლქის წარმომადგენლები, ოლქის თავმჯდომარეები, იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღონ, ასევე, გაფორმებული არიან ცესკოს სიებში და ესეც ამ დოკუმენტებით დასტურდება. ასევე, მნიშვნელოვანია, ქალბატონ თამარ ჟვანიას შევახსენოთ, რომ მისი საკუთარი შვილი ჰყავდა მისსავე დაწესებულებაში ანუ ცესკოში დასაქმებული და შესაბამისად, რაიმე დისკრედიტაციაზე საუბარი ცოტა არ იყოს უხერხულია,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილმა ამის დასადასტურებლად მარტვილის მაგალითი მოიყვანა, სადაც მისი თქმით, მმართველი გუნდის სახის, ირინა გადელიას რძალი საოლქო კომისიაში არის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი.

„შესაბამისად, საზოგადოებამ თავად განსაჯოს, როგორ ატარებს ცესკო არჩევნებს, რამდენად ნეიტრალურია, რამდენად მიუკერძოებელია,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები