06 მაისი 2024,   20:10
ვრცლად
პატრულის დაკავების ოპერაციისას გარდაცვლილის საქმე - პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების მწვავე შეფასებები

ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის საქმეს პოლიტიკოსები აფასებენ. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერისთვის, ნინო გოგუაძისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც მეზობლები გარდაცვლილის ფსიქოტროპულ მედიკამენტებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების შესახებ საუბრობდნენ, დანაშაულის გადაფარვის უნიჭო მცდელობაა.

მედიასამართლის სპეციალისტი და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ მღებრიშვილის უწყება გავრცელებული ვიდეოებით, რომელიც ოპერატიული მასალა არ ყოფილა, მედიის საქმიანობაში ღიად ჩაერია.

სამოქალაქო სექტორს მიაჩნია, რომ ძალოვანმა უწყებამ ეს მასალა იმიტომ გაავრცელა, რომ საზოგადოებაში გარდაცვლილის მიმართ სოლიდარობის განცდა არ გაჩენილიყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ მთავარი ამბავი პოლიციელების ხელში დაღუპული მოქალაქის ისტორიაა და არა მისი ცხოვრების წესი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მომხდართან დაკავშირებით ეფექტურ გამოძიებას ითხოვს და ვარაუდობს, რომ მამაკაცის გარდაცვალების საქმე შესაძლოა, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლს გასცდეს და სხვა დანაშაულიც გამოიკვეთოს.

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ პირველადი მონაცემებით, პოლიციამ პავლიაშვილის დაკავების დროს უფლებამოსილებას რამდენჯერმე გადაამეტა.

პაატა პავლიაშვილის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმაც დაიწყო.

ავტორები: თამთა ჯიქია, ნატა კვირჩილაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები